საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობა ავრცელებს განცხადებას, რომლითაც პარლამენტს მოუწოდებს, არ გადავადდეს თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვის ნორმის ამოქმედება, რაც 2023 წლის 1 იანვრიდან უნდა შევიდეს ძალაში.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში თამბაქოს რეგულაციები გეგმის მიხედვით ამოქმედდეს.
საუბარია რეგულაციაზე, რომლის ამოქმედების შემდეგაც, საქართველოში თამბაქოს ნაწარმი ერთნაირი, სტანდარტიზებული შეფუთვით გაიყიდება. პარლამენტი განიხილავს ამ მოთხოვნის ამოქმედების 2024 წლის 31 დეკემბრამდე გადავადების შესაძლებლობას, რადგანაც ამ რეგულაციის ამოქმედების პირობებში ქვეყანაში თამბაქოს ნაწარმის დეფიციტი შეიძლება წარმოიქმნას. ამის მიზეზია ის გარემოება, რომ საქართველოსთვის განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმი უკრაინაში იწარმოებოდა, სადაც 24 თებერვლის შემდეგ წარმოება ფაქტობრივად გაჩერებულია, ხოლო კომპანიებს არ აქვთ საკმარისი სიმძლავრეები, რათა უშუალოდ საქართველოს სტანდარტისთვის სადა შეფუთვის პროდუქცია დაამზადონ.
ამ საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის რამდენიმე კომიტეტმა უკვე მხარი დაუჭირა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადება:
"თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2022 წლის 31 დეკემბრიდან ძალაში უნდა შევიდეს თამბაქოს პროდუქტების სადა შეფუთვის რეგულაცია. ეს კანონმდებლობა ძალაში 2018 წელს უნდა შესულიყო, თუმცა მიმდინარე წლის ბოლომდე გადაიდო. ამჟამად საქართველოს პარლამენტში წარდგენილია საკანონმდებლო ინიციატივა მისი კვლავ გადავადების შესახებ. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს ამ ინიციატივას და იმედი გვაქვს, ეს რეგულაცია ძალაში მოქმედი კანონით განსაზღვრულ ვადაში შევა.
საქართველოში თამბაქოს აქტიური და პასიური მოხმარების, მისგან გამოწვეული ძალზე დიდი ჯანდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ზიანის შემცირების მიზნით 2017 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო თამბაქოს კონტროლის ძლიერი კანონმდებლობა, რომელიც მოგვიანებით ამ დარგის საერთაშორისო ექსპერტების და ორგანიზაციების მიერ აღიარებულ იქნა როგორც თვალსაჩინო რეგულაცია, რომელიც სამაგალითო გახდა მრავალი ქვეყნისთვის. ამ კანონის, ასევე თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის სხვა კომპონენტების წარმატებული დანერგვიდან უკვე 2 წლის შემდგომ, ქვეყანაში ჩატარებული კვლევებით, დაფიქსირდა თამბაქოს მოხმარების და თამბაქოს მეორადი კვამლით დაბინძურების მნიშვნელოვანი კლება, შემცირების ტენდენციები გაჩნდა მასთან დაკავშირებული დაავადებების მიმართულებითაც.
აუცილებელია ჯანმოს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის შესაბამისი ყოვლისმომცველი პოლიტიკის სრულფასოვნად და მდგრადად განხორციელება მიღწეული პროგრესის შესანარჩუნებლად და გასაღრმავებლად. თამბაქოს პროდუქტების სადა შეფუთვის კანონმდებლობა ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი რეგულაციაა, რომელიც მიმზიდველობას უკარგავს თამბაქოს პროდუქტებს და ამცირებს თამბაქოს მავნეობის შესახებ მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობას.
მივესალმებით საქართველოს სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების მიმღებ პირთა მიერ არაერთხელ დაფიქსირებულ მტკიცე პოზიციას თამბაქოს კონტროლის რეგულაციების შეუფერხებელი ამოქმედების კუთხით. იმედს ვიტოვებთ, რომ ამჯერადაც საქართველოს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს სადა შეფუთვის რეგულაციის გადავადებას, და უზრუნველყოფს მის ამოქმედებას 2023 წლის დასაწყისიდან, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს დღევანდელი და მომავალი თაობების ჯანმრთელობის დაცვას,"- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.