მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წილკანში ლოკოკინების გადამამუშავებელი ქარხანა იხსნება

62627ae9d99b4
სალომე ჭიპაშვილი
22.04.22 23:23
3854
წილკანში 10 მაისს ლოკოკინების გადამამუშავებელი ქარხანა TIMEO იხსნება. ამის შესახებ TIMEO-ს გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ქადაგიძემ „საქმიან დილაში“ განაცხადა.

„ქარხნის იდეა დაახლოებით ერთი წლის წინ გაჩნდა. ბაზარი შევისწავლეთ და მივხვდით, რომ ის ველური ლოკოკინები, რომლებიც საქართველოს ბუნებაში ასე მრავლადაა, მსოფლიოში ძალიან ცოტა და მოთხოვნადია. ამიტომაც 1,6 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციით მაისში წილკანში ლოკოკინის გადამამუშავებელი ქარხანა ამოქმედდება, რომელშიც დაახლოებით 150 ადამიანი იქნება დასაქმებული.“ - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

ქარხნის ამოქმედებამდე, TIMEO-მ 20 აპრილიდან სოციალური აქტივობა „ააგროვე ლოკოკინა, მოგვიტანე და მიიღე თანხა“ დაიწყო. კომპანია კილოგრამ ლოკოკინაში დაახლოებით 1.30 ლარს იხდის.

„ლოკოკინის ჩაბარება სეზონურად, გაზაფხულზე ხდება. რეგიონში კილოგრამ ლოკოკინაში ყველაზე მაღალ ფასს, ჩვენ ვიხდით. ნებისმიერი მსურველი, ვინც მათ შეაგროვებს, დღეში დაახლოებით 50 -დან 80 ლარამდე თანხის გამომუშავებას შეძლებს. ერთადერთი რა კრიტერიუმიც უნდა დააკმაყოფილოს პროდუქციის ჩაბარებისას მსურველებმა არის ის, რომ ლოკოკინა 28 მმ-ზე პატარა არ უნდა იყოს.“ - აღნიშნა TIMEO-ს გენერალურმა დირექტორმა.

მისივე თქმით, TIMEO-ს ქარხანა უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს და მალე IFS სერტიფიკატსაც აიღებენ. ეს სერტიფიკატი არის ყველაზე მაღალი სტანდარტის დამადასტურებელი, რაც შეიძლება საკვებ ინდუსტრიაში არსებობდეს.

„ამ სერტიფიკატის არსებობა იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს ნებისმიერი მაღაზიის კარი ჩვენთვის ღიაა. საბოლოო ჯამში ჩვენ ვიღებთ ორ პროდუქტს: გაყინულ ხორცსა და სტერილიზებულ ნიჟარებს, რომლებიც გაიგზავნება ჩვენს პარტნიორებთან, ისინი დაასრულებენ ამ პროცესს და გაყიდიან თავიანთი ბრენდის ქვეშ.“ - განაცხადა ქადაგიძემ.

ცნობისთვის, ეკოლოგ ლევან მუმლაძის კვლევებიდან დასტურდება, რომ საქართველოში ერთ კვადრატულ კილომეტრზე 20 ტონა ველური ჯიშის ლოკოკინა მოიპოვება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები