მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„წინასაახალწლოდ კერძო სახლების დაქირავებაზე მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს“ - რეალტორები

63a82dc0dc73a
ლიკა გურაბანიძე
26.12.22 10:15
779
თბილისის შემოგარენში გასაქირავებელი სახლები წინასაახალწლოდ თითქმის სრულად დაჯავშნილია. როგორც bm.ge-სთან რეალტორები აღნიშნავენ, ჯავშნები, ძირითადად, ახალგაზრდა ჯგუფური სეგმენტის მხრიდან კეთდება. გასაქირავებელ სახლებზე ფასები 400-დან 1200 ლარამდე მერყეობს და დამოკიდებულია სახლის ფართობსა და მასში განთავსებულ სხვადასხვა გასართობ საშუალებაზე, როგორიცაა, საბილიარდო, მაგიდის ჩოგბურთი და ა.შ.

როგორც რეალტორები BMG-სთან ყვებიან, ძირითადი დატვირთვა წყნეთზე, კოჯორსა და საგურამოზე მოდის.

“ლუქს ჰაუსის” დამფუძნებლის ანა ირემაძის თქმით, ზოგიერთ გასაქირავებელ სახლზე ჯავშანი 2-3 თვით ადრე გაკეთდა.

„თბილისის შემოგარენში სახლების უმეტესობა უკვე გაქირავებულია; მოთხოვნა მაღალია და ბაზარს დაკმაყოფილება უჭირს. თბილისის შემოგარენში სახლებს ძირითადად თინეიჯერები და ახალგაზრდები 2-3 დღით ჯავშნიან. ფასებს სახლის ტიპთან ერთად, ჯავშნის გაკეთების დროც განაპირობებს, რაც უფრო ცოტა დროა დარჩენილი ახალ წლამდე, ფასი მით უფრო მაღალია. სახლის ქირაობა დღეში 400-დან 1000 ლარის შუალედში მერყეობს“, - განმარტა მან.

მოთხოვნა რომ მიწოდებას აჭარბებს, ამას BMG-სთან “თბილი სახლის” დამფუძნებელი ბესიკ ქავთარაძეც ადასტურებს. მისი თქმით, გასულ წელთან შედარებით, საახალწლოდ, გასაქირავებელ სახლებზე მოთხოვნა, დაახლოებით, 2-ჯერ გაიზარდა, რისი მიზეზიც რუსი და ასევე, ბელარუსი მიგრანტები გახდნენ.

„უძრავი ქონების ბაზარზე დღეს იმდენი ქონება არ არის, რომ არსებული მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილოს, ამიტომ გარკვეულწილად დეფიციტი გაჩნდა. ჩვენთან სახლებს, ძირითადად, ახალგაზრდები ქირაობენ, 1-2 ან 3 დღით. სახლის ქირაობა დღეში 500-ლარიდან იწყება და 1000-1200 ლარამდე მერყეობს. მოთხოვნის ზრდას, ძირითადად, მიგრანტები განაპირობებენ, რამაც ჩვენს ინდუსტრიაში ვითარება შეცვალა“, - გვიყვება ბესიკ ქავთარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები