მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WIVA ტოკენი – პირველი ციფრული ვალუტა ღვინის რეალიზაციისთვის – "ქართული ღვინის ექსპორტს გავაორმაგებთ"

61a3651a7a64d
სალომე მეცხვარიშვილი
28.11.21 15:12
2570
მეღვინეებს გლობალურ ბაზარზე საკუთარი პროდუქციის გაყიდვისთვის სრულიად ახალი პერსპექტივა ეხსნებათ. ღვინით ვაჭრობა Blockchain ტექნოლოგიით და სპეციალური ეკოსისტემის მეშვეობით – ეს სრულიად ახალი სიტყვაა არამხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. ახალი ეკოსისტემის და ღვინოზე მიბმული კრიპტოვალუტის, WIVA–ს, შექმნა-დახვეწაზე საქართველოსა და რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად მუშაობენ. ინოვაციური სისტემის შინაარსზე Forbes-თან WiV Technology–ის უფროსი ვიცე პრეზიდენტი ლევან ბოძაშვილი საუბრობს.

წარმოიდგინეთ, რომ საკუთარი პროდუქციის გასაყიდად არა ტრადიციულ მაღაზიებს და სხვა ფიზიკურ სივრცეს, არამედ ვირტუალურ საერთაშორისო პლატფორმას იყენებთ, ანგარიშსწორება კი სპეციალურ ვალუტაში ხდება, რომელსაც სწორედ ღვინის მსოფლიო ინდუსტრია და მის უკან არსებული მარაგები განსაზღვრავს. ახალ სისტემაში ჩართვა ნიშნავს, რომ თქვენ არ გიწევთ ზრუნვა ღვინის ტრანსპორტირებაზე თუ სხვა ბიუროკრატიულ პროცედურებზე. აფორმებთ ჭკვიან, ე.წ. Smart კონტრაქტს და ყველაფერი თავისით ხდება – აღარ გჭირდებათ იურისტი, ნოტარიუსი, რადგან პროცესები Blockchain–ის სისტემაში ხორციელდება.

WIVA Token – რა დგას მის უკან?

WIVA Token - სწორედ ასე ჰქვია პირველ ციფრულ ვალუტას, რომელიც ღვინის ინდუსტრიაზეა მიბმული. ლევან ბოძაშვილი ამბობს, რომ სხვა ციფრული ვალუტებისგან განსხვავებით, WIVA–ს მკვეთრი მერყეობა არ ახასიათებს, რადგანაც მის უკან 350 – მილიარდიანი გლობალური ღვინის ინდუსტრია დგას.

“WIVA გამაგრებულია ღვინის კომპანიების მარაგებით. ამას დამატებული დეცენტრალიზებული ფინანსების და ვივექსის სისტემა, რომელიც ახლა შევქმენით – ვივექსი ეს არის საინტერესოდ დაუჯერებელი რამ: თქვენ კომპანიაში მოგაქვთ ღვინო გასაყიდად, ჩვენ კი ფულს წინასწარ გაძლევთ… ამ სისტემის მეშვეობით ქართული ღვინო გაგვაქვს არა სუპერმარკეტის და არა ფიზიკური გაყიდვების, არამედ ძალიან დიდ ვირტუალურ ბაზარზე”,– ამბობს ლევან ბოძაშვილი.

როგორ მუშაობს სისტემა?

Wiv Technology–ს უფროსი ვიცე–პრეზიდენტი განმარტავს, რომ მეწარმეს, რომელსაც ღვინის გაყიდვა ახალი ეკოსისტემით მოუნდება, თანხას გაყიდვამდე ჩაურიცხავენ. მისი თქმით, ანგარიშსწორება დოლარში ან ევროშია შესაძლებელი, თუმცა WIVA–ს ეკვივალენტით.

“ტრანზაქციები მიბმულია WIVA–ზე– ეს არის ინდუსტრიული ტოკენი, ინდუსტრიული კოინი, ამაშია მისი სიძლიერე”– აცხადებს ბოძაშვილი. რაც უფრო იზრდება ტოკენზე მოთხოვნა, იმატებს მისი ფასიც.

რა ღირს WIVA ტოკენი?

“თუ დავაკვირდებით პერიოდს აგვისტოდან დღემდე, აღმოვაჩენთ, რომ ყველა სხვა კრიპტოვალუტის რყევა ვერც კი შეედრება WIVA–ს სტაბილურობას. შეიძლება ის 1-2-3%–ით გაუფასურდეს, თუმცა შემდეგ ისევ იმატებს. დღეს 1 ტოკენის ფასი 10-11 ცენტის ფარგლებშია. აგვისტოს ბოლოს კი 0.043 ცენტი ღირდა. ტოკენი გამოშვებიდან მალევე ავიდა 15 ცენტზე და დღეს 10-15 ცენტის ფარგლებში მერყეობს.

მაგალითად, ბიტკოინი როცა გამოვიდა 0.025 ცენტი ღირდა და 11 წელი დასჭირდა, რომ ამ ღირებულებამდე მოსულიყო”,– აცხადებს ლევან ბოძაშვილი.


როგორ ჩავერთოთ სისტემაში?

ლევან ბოძაშვილის ინფორმაციით, მსოფლიოში პირველი “ღვინის ბლოკჩეინ კონსორციუმის ბაზა” უკვე შექმნილია. მასზე 2 თვის განმავლობაში ფრანგ, ესპანელ და იტალიელ პარტნიორებთან ერთად იმუშავეს.

“თუ თქვენ აწარმოებთ პრემიუმ ხარისხის ღვინოს, (1 ნაბიჯი)უნდა შეიძინოთ WIVA ტოკენი, რაც მოგცემთ საშუალებას ამ გლობალურ პლატფორმაზე გაყიდოთ თქვენი ღვინო, ისე, რომ არსად არაფერი გააგზავნოთ;(2 ნაბიჯი) მოახდინოთ თქვენი ღვინის ტოკენიზაცია, ანუ მისი ხარისხის ვერიფიკაცია ბლოკჩეინზე, რაც ნიშნავს, ამ ღვინის ხარისხის მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში აღიარებას. (3 ნაბიჯი) მიიღოთ დივიდენდი სპეციალური კონსორციუმისგან სხვა გაყიდვებისგანაც”,– აცხადებს ლევან ბოძაშვილი.

WIVA ტოკენის და ახალი ეკოსისტემის პერსპექტივა

ლევან ბოძაშვილი ამბობს, რომ სპეციალურ კანონმდებლობაზე ღვინის მწარმოებელ წამყვან ევროპულ ქვეყნებთან ერთად(საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი) მუშაობენ.

“ამ ყველაფერს ვიწყებთ საქართველოდან, ჩვენ ვქმნით ოქროს სტანდარტს მთელი მსოფლიოსთვის, რადგან ამის ანალოგი არ არსებობს.

ქართული ღვინის და ინდუსტრიის წინაშე ავიღეთ ვალდებულება – საქართველოს ღვინის ექსპორტის გაორმაგება: თუ ახლა ექსპორტი არის 120 მლნ–ის ღირებულების, ჩვენ 300 მლნ დოლარამდე ავიყვანთ”,– აცხადებს ლევან ბოძაშვილი.

მისი თქმით, იდეას საკმაოდ კარგი გამოხმაურება აქვს სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან და პირადად მინისტრისგან, ასევე პარლამენტისგანაც.

“ეს არის დამატებითი საშუალება ექსპორტის ზრდისთვის. ამავე დროს ერთ მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს – ბლოკჩეინზე ვერიფიცირებული, ტოკენიზებული ღვინო, ნიშნავს, რომ ის ვერ გაყალბდება, რაც მოაგვარებს ერთ–ერთ მთავარ პრობლემას ქართული ღვინისთვის – ის ყალბდება და მაგალითად, დღეს, ნიუ იორკში მაღაზიაში შეიძლება აღმოაჩინოთ ნიუ ჯერსიში წარმოებული ხვანჭკარა, რაც ფაქტობრივად შეუძლებელია”,– აცხადებს ლევან ბოძაშვილი.

ახალი ეკოსისტემის უპირატესობებზე საუბრისას, ლევან ბოძაშვილი 2 საკითხზე აკეთებს აქცენტს:

“მეღვინეს ერთი მხრივ აქვს საშუალება, ახალ ბაზარზე გაყიდოს ღვინო, რომელსაც შესაბამის მარკეტინგსაც გავუკეთებთ; მეორე მხრივ, WIVA ტოკენის შესყიდვა მისთვის ნიშნავს ინვესტირებასაც, მას რჩება ტოკენი, რომლის ფასი იზრდება და აქაც მოგებაშია, ღვინის გაყიდვიდანაც შესაბამისი მოგება აქვს.

ეს არის პარალელური ვირტუალური სამყარო, რომელშიც ტრილიონები ტრიალებს უკვე”,– აცხადებს ლევან ბოძაშვილი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები