დაბალბიუჯეტური უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ში ჯერ არ იციან, განაახლებენ თუ არა ფრენებს ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, რომელიც მარტის ბოლოდან იწყება. როგორც Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ანდრაშ რადომ BM.ge-სთან საუბრისას განაცხადა, ფრენებს იმ შემთხვევაში განაახლებენ, თუ ეს კომერციულად გამართლებული იქნება.
მისი განმარტებით, ამჟამად ფრენებზე დაბალი მოთხოვნაა, რადგან მაგალითად, ევროპულ ქვეყნებში დაწესებული შეზღუდვები საკმაოდ მკაცრია, რიგ შემთხვევაში კარანტინსაც ითვალისწინებს, რაც მომხმარებელს მოგზაურობის მოტივაციას უკარგავს.
“მოხარულები ვიქნებით, თუ საქართველოდან ფრენებს და ოპერირებას ევროპის ქვეყნებში ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან დავიწყებთ, თუმცა, ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ დამოკიდებული ვართ სხვადასხვა ქვეყნის კანონებსა და რეგულაციებზე და თუ ისინი არ გახსნიან საზღვრებს, ჩვენ ვერ შევასრულებთ ფრენებს. როგორც კი შეზღუდვები შერბილდება, გაიზრდება მოთხოვნა, ჩვენც განვაახლებთ ფრენებს.
როგორც ჩანს, დაწესებული შეზღუდვები გარკვეული ვადით კვლავ დარჩება, თუმცა, ვაგრძელებთ მონიტორინგს, მოლაპარაკებებს საქართველოს ხელისუფლებასთან, საუბარს ევროკავშირის ქვეყნებთან. ყოველდღიურად ვაკვირდებით, როგორ იცვლება რეგულაციები.
განვაახლებთ ოპერირებას ქუთაისიდან, რამდენადაც შესაძლებელია სწრაფად. გვინდა ფრენების განახლება და ამას მოვახერხებთ როგორც კი ჩვენი ოპერირება კომერციულად გამართლებული იქნება; როგორც კი ქართველებს უცხო ქვეყანაში შესვლა შეეძლებათ და როგორც კი უცხოელი ტურისტები შეძლებენ საქართველოში ჩამოსვლას და ტურიზმის გააქტიურებას მისცემენ ბიძგს”,- აცხადებს ანდრაშ რადო.
რაც შეეხება ქუთაისში ბაზის აღდგენას, რომელიც კომპანიამ გასულ წელს დახურა, Wizz Air-ში ამბობენ, რომ მისი აღდგენა მაშინ მოხდება, როცა კომპანია ფრენების “საკმარისი რაოდენობა” ექნება, თუმცა, კითხვაზე, რა შეიძლება იყოს ფრენების საკმარისი რაოდენობა, ავიაკომპანიაში ამბობენ, რომ ეს სიხშირეებზე, მიმართულებებზე და სხვა რიგ საკითხებზე იქნება დამოკიდებული.