მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wizz Air ქუთაისიდან ფრენებს 4 მიმართულებით აღადგენს

60781e7eeb9b3
სალომე მეცხვარიშვილი
15.04.21 15:19
4609
Wizz Air ქუთაისიდან ფრენებს 4 მიმართულებით აღადგენს, - ამის შესახებ bm.ge-ს Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერმა ანდრაშ რადომ განუცხადა. მისი თქმით, რეგულარული ფრენები 17 აპრილიდან ვილნიუსის მიმართულებით განახლდება, ასევე საუბარია ვარშავის, დორტმუნდისა და რიგის მიმართულებებზე.

“Wizz Air მოხარულია, რომ ანახლებს ფრენებს ქუთაისიდან ვილნიუსის მიმართულებით, რომელიც 17 აპრილს შესრულდება, ასევე 18 აპრილიდან ვანახლებთ ვარშავის მიმართულებას. ვგეგმავთ ქუთაისი-რიგის მიმართულების გააქტიურებას 14 მაისიდან და დორტმუნდის მიმართულებით 21 მაისიდან. თავდაპირველად ამ მიმართულებებზე რეისები კვირაში ერთხელ შესრულდება. დავაკვირდებით, როგორი იქნება მოთხოვნა, როგორ შეიცვლება რეგულაციები სხვადასხვა ქვეყანაში და ამის მიხედვით დავამატებთ სიხშირეებს. ასევე, განვიხილავთ შესაძლებლობას, განვაახლოთ ფრენები სხვა მიმართულებებზეც, რომლებიც უკვე ერთი წელია შეჩერებულია”,- აცხადებს ანდრაშ რადო.

კითხვაზე, კიდევ რომელ მიმართულებებს განიხილავენ ფრენების გასააქტიურებლად,Wizz Air-ის წარმომადგენელს კონკრეტული პასუხის გაცემა უჭირს.

“რომელ მიმართულებებზეა საუბარი, ახლა ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რამდენადაც ეს კომპლექსური საკითხია. იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღოთ, უნდა დავაკვირდეთ საქართველოში და სხვა ქვეყნებში არსებულ შეზღუდვებს, მაგალითად რამდენად შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს დანიშნულების ქვეყანაში ჩასვლა. მივიღებთ გადაწყვეტილებას მას შემდეგ, რაც დავინახავთ, რომ ეს რეგულაციები იცვლება და რომ მოთხოვნა არსებობს”,- აცხადებს ანდრაშ რადო.

რატომ გადაწყვიტა კომპანიამ ფრენების გააქტიურება ახლა, რამდენადაც ჯერ კიდევ მარტში Wizz Air მოთხოვნის ნაკლებობაზე საუბრობდა და აღნიშნავდა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში არსებული რეგულაციები ხელს უშლის ფრენების გაახლებას, რადო განმარტავს:

“ზოგიერთ ქვეყანაში შეიცვალა რეგულაციები, მოთხოვნას კი ჩვენ ყოველთვის ვხედავდით. ვიცოდით, რომ ხალხს მოუნდებოდა მოგზაურობა თუ ამის შესაძლებლობა ექნებოდა. ახლა კი ზოგიერთ ბაზარზე ვითარება შეცვლილია და ვხედავთ, რომ ხალხს, ვისაც სურს მოგზაურობა, აქვს კიდეც ამის შესაძლებლობა და ამისთვის საკმარისია, ნეგატიური PCR ტესტი წარადგინონ და არ გაიარონ კარანტინი დანიშნულების ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ”,- აცხადებს ანდრაშ რადო.

მისვე თქმით, მიუხედავად საქართველოში კორონავირუსის მომატებული შემთხვევებისა, მას არ აქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლება რეგულაციების გამკაცრებას აპირებს.

რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, ანდრაშ რადო ამბობს, რომ Wizz Air-ში ფასები დარჩება ისეთივე დაბალი, როგორც მანამდე იყო”. ის იმედოვებს, რომ ავიაბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია იქნება, რითიც პირველ რიგში მომხმარებელი მიიღებს სარგებელს.

“შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ფასები არ იქნება მომატებული, Wizz Air-ის ტარიფები იქნება ისეთივე დაბალი, როგორც მანამდე. ვხედავთ, რომ ადამიანებს რეალურად სურთ ფრენა, მოგზაურობა, საკუთარი მეგობრების ნახვა, შვებულების გატარება, თუნდაც სხვა ქვეყანაში მუშაობა. ვფიქრობ, ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია იქნება ავიაკომპანებს შორის, რაც უპირველესად სწორედ მომხმარებლისთვის იქნება მომგებიანი”- აცხადებს Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები