მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლების მანძილზე დაუსრულებელი ავტობანი - სახელმწიფოს მოსახლეობის იძულებით გაყვანა არ სურს

5e1afc2fa8c9f
ანუკა ჯოხაძე
12.01.20 16:20
4277
“სახელმწიფოს აქვს ბერკეტი, შეუძლია მოსახლეობა ძალით გამოიყვანოს, მაგრამ ამას არ აკეთებს”- ინფრასტრუქტურის სამინისტრო თბილისი-რუსთავის ავტობანს დაუსრულებელი პროექტების სიაში ტოვებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი BM.GE-თან ამბობს, რომ რუსთავი-თბილისის ავტობანის მეორე მონაკვეთის მშენებლობა ამ დრომდე შეჩერებულია, მიზეზად კი გიორგობიანი ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტს ასახელებს.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ობიექტი სახელმწიფო მნიშვნელობისაა და სახელმწიფოს შეუძლია ძალით გამოიყვანოს მოსახლეობა კუთვნილი სახლებიდან, სახელმწიფო ამ ნაბიჯს მაინც არ დგამს და ამჯობინებს მრავალმილიონიანი პროექტი შეაჩეროს.

„გვინდოდა, შეთანხმებით წავსულიყავით და თანხა, რომელიც 1 კვადრატზე შეთავაზებული იყო, მათთვის არ არის მისაღები. 1000 დოლარი უნდათ 1 კვადრატულ მეტრზე იქ მცხოვრებლებს, რომლის გადახდის საშუალებას არ გვაძლევს არცერთი კანონმდებლობა, არც დონორის პროცედურები. აქედან გამომდინარე მოკლებული ვართ შესაძლოებლობას, რომ ვერც მათ მოთხოვნებს ვაკმაყოფილებთ, რომელიც არარეალისტურია და რაც ყველაზე მნიშნელოვანია, ჩვენ არ გვინდა, რომ ის ბერკეტი გამოვიყენოთ. მოქმედი კანონმდებლობით ნამდვილად აქვს სახელმწიფოს სახელწიფო მნიშვნელობის ობიექტებთან მიმართებაში”-ამბობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი.

მისივე განმარტებით, სანამ მოსახლეობასთან შეთანხმება არ იქნება მიღწეული, მეორე მონაკვეთი დაკონსერვდება, ხოლო პირველი გზის მონაკვეთი, რომელიც თბილისს ფონიჭალასთან აკავშირებს, დაუერთდება დასახლებული გზის მონაკვეთს.

შეგახსენებთ, თბილისი-რუსთავის ავტობანის პროექტი, რომელიც სამი ძირითადი მონაკვეთისგან შედგება, ამ დრომდე დაუსრულებელია, არადა მასზე მუშაობა ჯერ კიდევ 6 წლის წინ დაიწყო.

პირველი და მესამე გზის მონაკვეთების მშენებლობა 2016 წელს დასრულდა, მალევე 2017 წელს დაიწყო მეორე მონაკვეთის მშენებლობაც, რომელიც 2019 წელს უნდა დასრულებულიყო, რომლის მშენებლობაც ამ დრომდე შეჩერებულია. აღნიშნული პროექტის დონორი კი აზიის განვითარების ბანკი იყო.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები