წლის ბოლომდე ვგეგმავთ, რომ 40-მდე ადამიანი დავასაქმოთ, - ამის შესახებ Lineate-ის რეგიონულმა დირექტორმა, გიორგი ციკოლიამ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.
„სულ მესმის, რომ 200-300-500 ადამიანის დასაქმებას აპირებენ, პროცესი ასე ადვილი არ არის, რომ ყოველ თვე დამატებით 50 ადამიანი აიყვანო სამსახურში. ჩვენს კომპანიაში არსებობს ცოდნის დონე, რომელიც აუცილებელია, რომ პროგრამისტი ფლობდეს. ვფიქრობთ, 2023 წლის ბოლომდე 300-მდე გავიზრდებით“, - განაცხადა გიორგი ციკოლიამ.
რაც შეეხება ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობას, ციკოლიას თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ბევრთან და Lineate თანამშრომლობისთვის ღიაა.
„ჩვენი კლიენტების უმრავლესობა არის ამერიკული კომპანიები. რამდენიმე გვყავს გერმანიაში და ა.შ. ჩვენი ურთიერთობა ამ კომპანიებთან აწყობილი არის ნდობასა და რეპუტაციაზე, რომელიც გვაქვს, შესაბამისად, ახალ კომპანიებთან კომუნიკაციაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საბოლოოდ, ღია ვართ თანამშრომლობისთვის, როგორც ქართულ კომპანიებთან, ისე IT-სპეციალისტებთან“, - ამბობს ციკოლია.