მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლის მთავარი მიზანია, ექსპორტზე თამამად გავიდეთ - "მელაანური ჩაი"

63fc8a5462858
სალომე ხიდურელი
27.02.23 21:17
815
„მელაანური ჩაი“, რომელიც გურჯაანის რაიონში, სოფელ მელაანში გაშენებულ ეკოტურისტულ კომპლექს Melaanian Vintage-ში იწარმოება, ექსპორტზე გასასვლელად ემზადება.

როგორც BM.GE-ს ბრენდის დამფუძნებელმა თეონა თაბორიძემ განუცხადა, გასულ წელს განხორციელებული წარმატებული ექსპორტის შემდეგ, სურვილი აქვთ, უცხოურ ბაზარზე უფრო თამამად მოიკიდოს ფეხი.

„გასულ შემოდგომას ვცადეთ, პატარა ნაბიჯებით დავიწყეთ და წარმოების მცირე ნაწილი ჩეხეთის რესპუბლიკაში, პრაღაში გავგზავნეთ. დაინტერესება საკმაოდ მაღალია, ეს ყველაფერი იქიდანაც ჩანს, რომ ეკოტურისტულ გამოფენებზე საკმაოდ დიდი პოპულარობით ვსარგებლობთ და სასურველი სტუმრები ვართ. წლის ერთ-ერთო მთავარი მიზანია, რომ ექსპორტზე უფრო თამამად გავიდეთ“, - ამბობს თეონა თაბორიძე.

მისივე თქმით, "მელაანური ჩაის" წარმოების იდეა ტურისტებისათვის მაღალი ხარისხის ჩაის შეთავაზების მიზნით გაჩნდა და პოპულარობა ადგილობრივ ბაზარზე მალევე მოიპოვა. როგორც თაბორიძე აღნიშნავს, ბრენდის მთავარი კონცეფცია ეკომეგობრული, ბიო პროდუქტის წარმოებაა.

„ჩაის წარმოება იმიტომ დავიწყეთ, რომ ჩვენთან ჩამოსულ ადგილობრივ თუ უცხოელ ტურისტს სრული ეკოტურისტული მომსახურება მიეღო და, მაგალითად, საუზმეზე ინდუსტრიული ჩაი არ დაელია. ამიტომ, გავაცოცხლე დიდი ბებიის დანატოვარი ცოდნა და სამკურნალო ბალახეულის შეგროვება დავიწყე. ჩვენი ჩაი არ არის ტრადიციული სახის, ის ადგილობრივი ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულისაგან იწარმოება. ამ ეტაპზე, სამი სახეობის ჩაი გვაქვს: ბარამბო, თავშავა და ველური ვარდის კოკრები. მათი ფასიც 15-დან 20-ლარამდეა და განპირობებულია პროდუქციის სახეობით, წონითა და შეფუთვით. რეალიზაციისთვის „ჩაიმანიასთან“ და Soplidan.ge-სთან ვთანამშრომლობთ და მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ მსხვილ დისტრიბუტორ კომპანიებთანაც.

რაც შეეხება წარმადობას, წარმოებაში გამოყენებული ნედლეულის ყვავილობის პერიოდი 2 კვირას გრძელდება და ვცდილობთ, მაშინ შევაგროვოთ მთელი წლის სამყოფი. გასულ წელს 200 კგ გამომშრალი ნედლეული გვქონდა. ბალახეულის შეგროვებაში სეზონურად 10-მდე ადგილობრივ მოსახლეს ვასაქმებთ“, - ამბობს თეონა თაბორიძე.

ცნობისთვის, „მელაანური ჩაი“ დამფუძნებლის ნულოვანი ინვესტიციით 2020 წლეს შეიქმნა. მას შემდეგ ბრენდმა სხვადასხვა საგრანტო კონკურსში მოპოვებული თანხებით წარმოების გაზრდისათვის საჭირო დანადგარები, მათ შორის, მზის ენერგიაზე მომუშავე საშრობი აპარატები, შეიძინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები