მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„წულუკიანს აქვს ძალა, პოლიტიკურ დონეზე გაიტანოს ბევრი საკანონმდებლო საკითხი“ - ზაზა შენგელია

605a149046627
მარიამ ადამია
23.03.21 21:00
1181
“ბრავო რექორდსის“ პრეზიდენტის, ზაზა შენგელიას შეფასებით, კულტურის ახალ მინისტრს, თეა წულუკიანს აქვს ძალა და გამოცდილება, რომ პოლიტიკურ დონეზე ძალიან ბევრი საკანონმდებლო საკითხი გაიტანოს, პირველ რიგში კი ქველმოქმედების შესახებ კანონი.

„დღეს საქართველოში ბიზნესი არ არის სტიმულირებული რომ დაეხმაროს კულტურას. მართალია ხელოვნება მთლად კომერციული პარამეტრებით არ იზომება, თუმცა თუკი იარსებებს გარკვეული შეღავათები, მაგალითად საგადასახადო კუთხით, როგორც არის ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, ეს დიდ ბიძგს მისცემს არა მხოლოდ კულტურის, არამედ განათლების და სპორტის განვითარებას. ბიზნესი დაიწყებს კონკრეტული პროექტების დაფინანსებას. ამიტომ მნიშვნელოვანია ახალი მინისტრის ჩართულობა ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ზაზა შენგელიამ.

მისივე თქმით, ამ საკითხზე 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ყველა მთავრობა საუბრობს, თუმცა ქმედითი ნაბიჯები არასდროს გადადგმულა. "არადა ჩვენაირი ქვეყნისთვის, რომელიც გლობალიზაციის ეპოქაში ცდილობს თვითყოფადობა და იდენტურობა შეინარჩუნოს, მნიშვნელოვანია, რომ ეს დარგი არსებობდეს ცალკე უწყებად, რომელსაც ეყოლება გუნდი, რომელიც დაიცავს ინტერესებს და დაეხმარება განვითარებაში. სუფთა ეკონომიკური პარამეტრებითაც ის საერთაშორისო ტურისტებისთვის მიზიდულობის ცენტრია. ამიტომ დროა დავიწყოთ სერიოზულად მუშაობა საკანონმდებლო დონეზე,“- განაცხადა ზაზა შენგელიამ.

„ბრავო რექორდსის“ პრეზიტენტმა, გადაცემა „საქმიან დილაში“, ასევე განმარტა, რომ უწყებაში კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც მოსაწესრიგებელია, არის პრიორიტეტების გაწერა.

„კულტურის სამინისტრო არ უნდა იყოს ერთგვარი სოციალური უზრუნველყოფის დეპარტამენტი, რომელიც აფინანსებს ისეთ თეატრებსა და კოლექტივებს, რომლებიც არაფერს ქმნიან. უფრო მეტი თანხა უნდა გამოთავისუფლდეს კონკურსებისთვის, პროგრამულ დაფინანსებაზე, თავისუფალი ხელოვანებისთვის და ეს კონკურსებიც უნდა ჩატარდეს ძალიან გამჭვირვალედ. ძალიან კონკურენტუნარიან გარემოში და სწორი პრინციპებით...“ - აღნიშნა ზაზა შენგელიამ.

შეგახსენებთ, საბიუჯეტო ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით წელიწადნახევრის წინ გაერთიანებული განათლებისა და კულტურის სამინისტროები, ისევ ერთმანეთს გაემიჯნა. როგორც მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, სამინისტროების გაერთიანებამ საბიუჯეტო თანხების მნიშვნელოვანი დაზოგვა ვერ გამოიწვია, რაც ერთ-ერთი არგუმენტი გახდა, რის გამოც კულტურის სამინისტრო კვლავ ცალკე უწყებად ჩამოყალიბდა. პარალელურად, საუბრები მიმდინარეობს იმაზეც, რომ ამ ნაბიჯით, ბიუჯეტში ახალი ხარჯი გაჩნდება, რის გამოც მთავრობის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები