მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„წყალი მარგებელი“ იანვრიდან პროდუქციის გაძვირებას აანონსებს

5fbb5153ada2e
ლიკა გურაბანიძე
23.11.20 12:21
2163
შესაძლოა, “წყალი მარგებელმა”, რომელიც ჰოლდინგური კომპანიაა და მათ შორის „ნაბეღლავის“ ბრენდსაც ფლობს, იანვრიდან პროდუქციაზე ფასები გაზარდოს. როგორც კომპანიის სტრატეგიული განვითარების მენეჯერმა თინათინ მახარაძემ “საქმიან დილაში” განაცხადა, თუ ლარის კურსის არასტაბილურობა გაგრძელდება, 300 დასახელების პროდუქტიდან ზოგიერთის გაძვირება მოუწევთ; მათ შორისაა მტკნარი და მინერალური წყლები.

„ვცდილობთ, ის ფასები შევინარჩუნოთ, რაც აქამდე იყო, თუმცა თუ ლარის გაუფასურება გაგრძელდა, იანვრიდან ზოგიერთი პროდუქციის გაძვირება მოგვიწევს. ამ ეტაპზე ძველი ფასების შენარჩუნებას კომპანიის ფინანსური შესაძლებლობების ხარჯზე ვახერხებთ. ჯერჯერობით, პროცესს ვაკვირდებით; მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ვალუტა მკვეთრად გაუფასურდა, აქამდე ფასების ზრდა არ ვიჩქარეთ. არ გვინდა ეს ფასები ბაზარს ძალიან დააწვეს, თუმცა მეორე მხრივ, თანამშრომლები გვყავს, რომელთაც ხელფასები უნდა გადავუხადოთ და ა.შ. დღევანდელი მდგომარეობით, ლარის გაუფასურებისგან გამოწვეული დამატებითი ზარალი მილინობით ლარია, შესაბამისად, ფასების ზრდაზე ვფიქრობთ”, - განაცხადა თინათინ მახარაძემ.

როგორც კომპანიის სტრატეგიული განვითარების მენეჯერი ამბობს, ტურიზმის სექტორის მკვეთრმა შემცირებამ და პრაქტიკულად, მისმა არარსებობამ, ადგილობრივ გაყიდვებზე ძალიან დიდი ნეგატიური გავლენა იქონია.

„კლება განსაკუთრებით მტკნარი წყლების სეგმენტს შეეხო, რადგან აქ ტურიზმის სექტორის წილი შედარებით დიდი იყო. გასულ წელთან შედარებით, წელს ჩვენი მტკნარი წყლების - „ბახმაროს“ და „ჯეო ნატურას“ გაყიდვები 35%-40%-ით არის შემცირებული; რაც შეეხება მინერალურ წყალ „ნაბეღლავს“, მისი რეალიზაცია, დაახლოებით, 5%-ით შემცირდა”, - აღნიშნა თინათინ მახარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები