მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყალქვეშა კაბელით ელექტროენერგიის ევროპაში ექსპორტზე გატანას შევძლებთ - აბრამიშვილი

6358d01ca4de4
მარიამ იზორია
26.10.22 21:35
1094
აზერბაიჯანი ენერგომატარებლების ექსპორტის გეგმაზე გადადის. რამდენად მზად არის საქართველოს ინფრასტრუქტურა ამ გამოწვევისთვის და რას აკეთებს ქვეყანა იმისთვის, რომ აღნიშნული პროექტები დაჩქარდეს? – bm.ge-ს მიერ დასმულ ამ შეკითხვას, "საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი პასუხობს.

მისი განმარტებით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც საქართველოსა და რუმინეთს შორის უნდა გაებას. მისივე თქმით, ეს მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის დახმარებითაც აზერბაიჯანი და საქართველო საკუთარი ელექტროენერგიების ევროპაში გატანას შეძლებენ.

„ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის კუთხით საკმაოდ წარმატებული წელი იყო. მოვახდინეთ ჩვენი ელექტროენერგიის ექსპორტი, ამასთან აზერბაიჯანის ენერგიის თურქეთში ექსპორტიც მოხერხდა. თუმცა აქ მნიშვნელოვანია წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც საქართველოდან რუმინეთში უნდა გაებას, ამაზე მუშაობა დაწყებულია აქტიურად. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომლითაც ჩვენ საკუთარი ენერგიის და ასევე აზერბაიჯანი საკუთარი ენერგიის გატანას შეძლებს ევროპაში“ - ამბობს გიორგი აბრამიშვილი.

რაც შეეხება პროექტის განხორციელების ვადებს, "საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის შეფასებით, პროექტის საბოლოოდ დასრულებას 8-10 წელი დასჭირდება.

„ყველაფერს თავისი ვადები აქვს, კომპრომისი არ უნდა იყოს ხარისხი. ძალიან რთული პროექტია, რადგან ეს მსოფლიოში ყველაზე გრძელი კაბელი იქნება, რომელიც წყლის ქვეშ ჩაიდება და აქ შეცდომის დაშვება მიუღებელია. ხარისხი მნიშვნელოვანია, ამას ბევრი წელი დასჭირდება. პროექტი, საბოლოოდ, დაახლოებით 8-10 წელში განხორციელდება“ - აღნიშნავს აბრამიშვილი.

ინფორმაციისთვის, დღეს განახლებადი ენერგიის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) მასპინძლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები