„ლისი დეველოპმენტმა“ 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები გამოუშვა. პირველი ტრანში - $10 მილიონის ორწლიანი ობლიგაციები, საფონდო ბირჟაზე „გალტ & თაგარტის“ დახმარებით განთავსდა. მეორე ტრანშის გამოშვება კი 2023 წლის პირველ ნახევარში იგეგმება.
"აღნიშნული ტრანზაქცია „ლისი დეველოპმენტისა“ და „გალტ & თაგარტისთვის“ რიგით მეორე ერთობლივი წარმატებული განთავსებაა, რაც ხელს საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებას უწყობს.
“ლისი დეველოპმენტის” ფინანსურმა დირექტორმა ზურაბ ფიჩხაიამ გადაცემა „ანალიტიკაში“ განაცხადა, რომ კაპიტალის ბაზარის კარგად ფუნქციონირებისთვის, კარგი პროდუქტები და ადამიანებია საჭირო, რომლებიც ფულის ჩადებით არიან დაინტერესებული.
მისივე თქმით, კომპანია ჩვეულებრივ ადამიანებს უძრავ ქონებაში ფულის ჩადების საშუალებას აძლევს, რაც ყველაზე საიმედო და დაბალრისკიანი ინვესტირებაა.
„ჯერ განვმარტავ რას ნიშნავს ობლიგაციების განთავსება. ბანკების გარეშე უშუალოდ გავდივართ ინვესტიციას ჩამდებ ადამიანებზე და ეს 10 მილიონი ტრანში, რაც განვათავსეთ, ინვესტორებმა ძალიან დივერსიფიცირებულად ჩადეს. თვითონ უძრავი ქონების განვითარებას საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი სჭირდება. 340 ჰექტარი მიწა გვაქვს ლისის ტერიტორიაზე და მაგის განვითარებას დიდი დაგეგმარება და დაფინანსება სჭირდება, მაგრამ მეორეს მხრივ, როდესაც ინვესტორი ხარ და ფულის დაბანდება გინდა საკმაოდ შეზღუდულია რეალურად სად შეიძლება დააბანდო, აქედან გამომდინარე ჩვენ ფაქტობრივად ჩვეულებრივ ადამიანებს საშუალებას ვაძლევთ ფული უძრავ ქონებაში ჩადონ - შედარებით დაბალ რისკიან და ერთ-ერთ წარმატებულ სექტორში.
ხალხმა უნდა შეძლოს ისეთი საინვესტიციო პროდუქტი იყიდოს, რომელიც მაღალი ხარისხის, დაბალრისკიანი და სანდოა. ლისმა უკვე დაამტკიცა, რომ სანდო პარტნიორია. 2018 წლიდან სტაბილურად ვუშვებთ ასეთ ბონდებს და სამომავლოდაც გვინდა გავაგრძელოთ არა მხოლოდ ბონდების, არამედ სხვა უფრო საინტერესო ინსტრუმენტების ბაზრისთვის შეთავაზება , რაც ერთობლიობაში კაპიტალის ბაზარს განავითარებს.საფონდო ბირჟაზე, რომ კაპიტალის ბაზარმა კარგად იფუნქციონიროს საჭიროა კარგი პროდუქტები და ადამიანები, ვინც ფულის ჩადებით არიან დაინტერესებული“, - განაცხადა ზურაბ ფიჩხაიამ.
რაც შეეხება “ლისი დეველოპმენტის” სანდოობას და რეიტინგს, იგი კვლავ ინარჩუნებს სტატუსს, ერთადერთი ქართული დეველოპერული კომპანიისა, რომელსაც საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოები აფასებენ.