მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელნაკეთი კოსმეტიკის მწარმოებელი "უსული" რაჭაში კოტეჯს ხსნის - როდის გაიხსნება და რას შესთავაზებს სტუმრებს ობიექტი?

64a196da9ef6d
ნანუკა ნარიმანიძე
02.07.23 19:20
1177
ხელნაკეთი კოსმეტიკის, ჩაისა და სანთლების ქართული ბრენდი “უსული” თავის საქმიანობას სტუმარმასპინძლობის მიმართულებით აფართოებს და რაჭაში, კერძოდ ამბროლაურში 60 000 ლარის ინვესტიციით განთავსების ობიექტს გახსნის. “უსულის” თანადამფუძნებელმა ნანი კობახიძემ bm.ge-სთან ამბობს, რომ ერთ კვირაში დაინტერესებულ პირებს ამბროლაურში მათ მიერ მოწყობილი კოტეჯის დაჯავშნა და განთავსება შეეძლებათ. 

"საგვარეულო ეზოში კოტეჯის მოწყობის სამუშაოები 5 დღეში დასრულდება, მომხმარებელს კი ერთ კვირაში შეძლებს რომ გვესტუმროს. კოტეჯი ამბროლაურის ცენტრში მდებარეობს, აღსანიშნია ის ფაქტი, რომ გვაქვს ძველებური ჭიშკარი, რომელიც შესულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში, ის სამ საუკუნეს ითვლის და ტურისტული ლოკაციაა, კოტეჯის მშენებლობის იდეა სწორედ ტურისტებისგან წამოვიდა, გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ადგილი, სადაც ისინი დარჩენას მოახერხებდნენ”, - აღნიშნავს დამფუძნებელი.



"უსულის" კოტეჯი 50 კვ.მ-ის ფართობის არის და 3 000 კვ.მ.-ის ეზო აქვს. კოტეჯში ერთი ღამით განთავსების ღირებულება 250-დან 320 ლარამდე მერყეობს.

“ამ ფასად სტუმრებს განსხვავებულ გარემოს და საუზმეს შევთავაზებთ. ამასთან, მომხმარებელს ჩვენს ხელნაკეთ ჰიგიენურ საშუალებებს, სანთლებსა და ჩაის შევთავაზებთ. გვექნება დახვედრის მომსახურებაც, როგორც სადგურიდან კოტეჯამდე, ასევე აეროპორტიდან კოტეჯამდე, ამასთან მომხმარებელს რაჭის მასშტაბით დამატებით ტურებსაც შევთავაზებთ”, - დასძინა კობახიძემ.

ცნობისთვის: ბრენდი “უსული” საქართველოს ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა და თავდაპირველად მომხმარებელს მხოლოდ ნატურალური თავის მოვლის საშუალებებსა და სამკურნალო მალამოებს სთავაზობდა. სიახლეებზე საუბრისას, “უსულის” დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ბრენდის უახლოეს მომავალში მათი წარმოების ჩაის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს. კომპანიაში 10-მდე ადამიანია დასაქმებული, კოტეჯში გახსნის შემდეგ კი პირველ ეტაპზე “უსული” დიასახლისსა და მზარეულს დაიმატებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები