მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხის ნარჩენების გადამმუშავებელი საწარმო სვანეთში - ირაკლი გურჩიანის $1 მლნ-იანი პროექტი

63500db4a27b1
ვიქტორია მღებრიშვილი
31.10.22 10:53
686
„ტოიოტა ცენტრ თბილისისა“ და სასტუმრო „გისტოლას“ დამფუძნებელი ირაკლი გურჩიანი საწარმოო ბიზნესში შედის. 2023 წლიდან ბიზნესმენი 1 მლნ დოლარის ინვესტიციით, სვანეთში ხის გადამმუშავებელი საწარმოს ამოქმედებას გეგმავს.

ირაკლი გურჩიანმა ბიზნესის გაფართოების შესახებ გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა და აღნიშნა, რომ სვანეთის ტყეებში წარმოებისთვის საჭირო ძალიან დიდი რაოდენობის ხის ნარჩენები მოიპოვება.

„სვანეთის ტყეში ძალიან ბევრი ხის ნარჩენი ყრია. გაზაფხულიდან მინდა საწარმოს ამოქმედება, რომელიც ამ ნარჩენებს გადაამუშავებს, თუ ამაზე პრობლემებს არ შემიქმნიან - ლიცენზიებთან ან სხვა საკითხებთან დაკავშირებით. შედეგად დამზადდება საწვავი მასალა, რომლის ფასი ევროპაში 390-400 ევროა. ასეთი საწარმოები მაგალითისთვის გეტყვით, რომ უკრაინაშიც არის.

საწარმოს ამოქმედებისთვის დაახლოებით 1 მლნ დოლარის ინვესტირებაა საჭირო, მაგრამ თუ ყველაფერი კარგად წარიმართა ამონაგების მიღება ერთ წელშიც შესაძლებელი იქნება, რადგან პროდუქტზე მოთხოვნა დიდია. ეს არის ხის ფქვილისგან დაპრესილი საწვავი მასალა, რომელიც თბოეფექტურია და ეკოლოგიურად სუფთაა“, - აღნიშნა გურჩიანმა.

მისივე ინფორმაციით, თავად სასტუმროს გათბობის სისტემაში ამ სათბობ მასალას გამოიყენებს და წარმოების დაწყების შემდეგ, მას სხვა ადგილობრივ მეწარმეებსაც შესთავაზებს. ირაკლი გურჩიანი ამბობს, რომ საწარმოს ამოქმედების პროექტის განხორციელება 2023 წლის გაზაფხულზე დაიწყება და სამუშაოების დაწყებიდან რამდენიმე თვეში ამოქმედდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები