ლონდონში მდებარე ღვინის ბუტიკ HEDONISM-ში ქვევრის ღვინო „ხომლის უსახელოური“ და “ცოლიკაური” რამდენიმე ასეულ ფუნტად იყიდება. უფრო კონკრეტულად, როგორც კომპანიის დამფუძნებელი თამაზ ომანაძე აცხადებს, ერთი ბოთლი ცოლიკაურის ფასი 900 ფუნტია, ხოლო ცოლიკაურის ღირებულება 500 ფუნტი. მისი თქმით, იქამდე სანამ “ხომლის მარნის” პროდუქციამ, ლონდონში ერთ-ერთ პრესტიჟული ღვინის მაღაზიაში გაიყიდებოდა, მკაცრი შემოწმება გაიარა.
“მათ თვითონ მომაგნეს, წაიღეს ღვინო. როგორც ჩვენმა ცოლიკაურმა, ისე უსახელაურმა გაიარა უმკაცრესი დეგუსტაცია, ძალიან მაღალი დონის. ამ დეგუსტაციის გავლა ღვინისთვის, ჩავთვალოთ, რომ არის ყველაზე დიდი შეფასება.
ამ მაღაზიის სომელიებმა შეაფასეს და უსახელაურის ერთი ბოთლი 900 ფუნტად შეფასდა, ეს ფასი დაედო მას მაღაზიასა და საიტზე, ხოლო ცოლიკაურს 500 ფუნტი. ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი აღიარება”, - აცხადებს “ხომლის მარნის” დამფუძნებელი თამაზ ომანაძე.
ყველა პროდუქტი, რომელიც “ხომლის მარნის” ეტიკეტით ბაზარს მიეწოდება, ბიო სერტიფიცირებულია და ევროკავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებს. კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, რომ პირველი ბიო სერტიფიკატი კომპანიამ 2016 წელს მიიღო და მას შემდეგ ამ მიმართულებით შესაბამის ნაბიჯებს დგამს, რადგან თამაზ ომანაძე თვლის, რომ საქართველოს ბიო პროდუქტების წარმოებისა და ექსპორტის თვალსაზრისით დიდი პოტენციალი აქვს.
“მინდოდა, რომ ჩემს კუთხეში ლეჩხუმში, ერთი ვენახი ყოფილიყო ბიო სერტიფიცირებული. 2016 წელს ავიღეთ პირველი ბიო სერტიფიკატი. 2013 წლიდან დაკვირვების ქვეშ იყო. მას შემდეგ ყველა ჩვენი პროდუქტი, რომელიც შევმატეთ ბიო სერტიფიცირებულია ევროკავშირის მიერ”, - ამბობს "ხომლის მარნის" დამფუძნებელი.
"ხომლის მარანი" ღვინოს ლეჩხუმის მიკროზონაში მოყვანილი ადგილობრივი ჯიშებისგან ქართული ტრადიციული მეთოდებით აწარმოებს. ლეჩხუმში მოყვარული ყურძნისგან ღვინო კი წყალტუბოში მდებარე ხომლის მარანში იწურება. კომპანია სხვადასხვა სახეობის ღვინოს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარს სთავაზობს.
კომპანიას წარმოების პროცესის განვითარებაში ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის თანადაფინანსებული პროექტი GRETA დაეხმარა.
პროექტის ფარგლებში “ხომლის მარნის” ბიო სერტიფიცირება სრულად დაფინანსდა. ასევე პროექტ GRETA-ს დახმარებით “ხომლის მარნისთვის" ექსპორტისა და ციფრული მარკეტინგული სტრატეგიები შემუშავდა.
პროექტი GRETA, ქვეყანაში ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რითაც დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ სექტორში ზრდის, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა.