მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ხრუშჩოვკებს” თავად მერია განაახლებს – “ბიზნესს რომ გაეკეთებინა, 10 000-მდე ცათამბჯენს მივიღებდით”

613dbf440e77a
სალომე მეცხვარიშვილი
12.09.21 12:41
4616
“ხრუშჩოვკების” ჩანაცვლების პროგრამას თავად მერია განახორციელებს– ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ვაშილჯვრის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი განცხადებით, ხუთსართულიანი ავარიული სახლების ნაცვლად, ახალი რვასართულიანი კორპუსები აშენდება.

„ზოგ სახლს ავარიულობის ისეთი ხარისხი აქვს, რომ სიცოცხლისთვის საშიშია. ასეთი ოჯახები ქირით გვყავს გაყვანილი და ამაში მილიონებს ვხარჯავთ. ასევე, უამრავი თანხა იხარჯება მსგავსი სახლების გამაგრების სამუშაოებზე. თუმცა გამაგრებიდან ოთხი წლის შემდეგ ისევ ავარიულ მდგომარეობაშია. შესაბამისად, ეს თანხები წყალში გადაყრილია. ბევრი ვეცადეთ, მათ შორის, ინვესტორების ჩართულობით ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის განხორციელებაც, მაგრამ არ გამოვიდა. მაგალითად, ხუთსართულიანი ე.წ. ხრუშოვკის ტიპის სახლი რომ დავანგრიოთ, ინვესტორი ითხოვს 16-17 სართულიანი შენობის აშენებას. მათიც მესმის, რადგან ბიზნესს სხვა ინტერესი აქვს. თუმცა როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ქალაქში 10 000-მდე ცათამბჯენი გაჩნდეს. ეს საერთოდ გაანადგურებდა თბილისს. ამიტომაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ ამ პროგრამას მერია განახორციელებს და გარანტორიც თავად იქნება. საბოლოოდ, ხუთსართულიანი ავარიული სახლების ნაცვლად, ახალი რვასართულიანი კორპუსები აშენდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ხრუშოვკების ჩანაცვლების ერთ–ერთ პროექტს კერძო კომპანია უკვე ახორციელებს. ესაა "არქის" შვილობილი შპს “ვარკეთილი დეველოპმენტი", რომელსაც 30 205 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისის მერიამ სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცა. აღნიშნული პროექტი 2020 წელს დაიწყო და ოთხ წელიწადში უნდა დასრულდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები