დანიური ენერგოკომპანია Ørsted-ი ადასტურებს, რომ Gazprom-ი ხვალიდან რუსული გაზის მიწოდებას შეწყვეტს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, Gazprom-მა გაზის შეწყვეტა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც Ørsted-მა უარი თქვა გაზის რუბლში გადახდაზე.
„ჩვენ ვრჩებით ჩვენი გადაწყვეტილების ერთგული უარი ვთქვათ რუბლში გადახდაზე. მოვლენების ასე განვითარებისთვის ვემზადებოდით, შესაბამისად ჩვენ კვლავ ველით რომ შევძლებთ ჩვენი მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას," – განაცხადა დანიური ენერგოკომპანიის პრეზიდენტმა მადს ნიპერმა.
აღსანიშნავია, რომ ევროპული ანალიტიკური ცენტრი Bruegel-ის თანახმად, რუსულ გაზზე დანიის ენერგიის მთლიანი მოხმარების დაახლოებით 4% მოდის.
ცნობისთვის, რუბლის გადახდაზე უარის თქმის შემდეგ, ფინეთს, პოლონეთსა და ბულგარეთს უკვე შეუწყდათ რუსული გაზის მიწოდება. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მარტში განაცხადა, რომ „არამეგობრულ“ ქვეყნებს გაზის შეძენა რუბლში მოუწევდათ.