მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ყალბი დღგ-ის“ მორიგი საქმე: საგამოძიებო სამსახურმა პასუხისგებაში ორი პირი მისცა

61a7168d7ca17
თელარა გელანტია
01.12.21 10:28
1636
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ორი პირი მისცეს.

როგორც bm.ge-ს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისა და დღგ-ს ყალბი აქტივების შექმნის მიზნით, თავიანთ სახელზე რეგისტრირებულ კომპანიებს შორის, ფიქტიურად გაწერეს 500 000 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალის მიწოდების ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და მოითხოვეს წარმოშობილი დღგ-ის ზედმეტობის - 76 271 ლარის ბიუჯეტიდან მიღება.

„ვინაიდან ხსენებულმა პირებმა ვერ მოახერხეს თანხის გამოტანა, ერთ-ერთმა ბრალდებულმა მისი მართვის ქვეშ მყოფ სხვა კომპანიებს შორის გაწერა 200 000 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალის ფიქტიური მიწოდების ამსახველი საგადასახადო დოკუმენტები, რა გზითაც დამატებით შეიქმნა ყალბი აქტივი 30 507 ლარის ოდენობით.

სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, დროულად გატარებული ღონისძიებების შედეგად, თავიდან იქნა აცილებული სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ჯამურად 106 778 ლარის ოდენობის ზიანი“, - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები