მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყავის წისქვილი" - ქართულ ბაზარზე ახალი მაღაზიათა ქსელი გამოჩნდება

5ec7ddb5d03d2
ანი ციხისთავი
23.05.20 10:00
2322

თვენახევარში ქართულ ბაზარზე ახალი სავაჭრო მაღაზიათა ქსელი "ყავის წისქვილი" გამოჩნდება.

BM.GE-სთან კომპანია "სისაური გრაინდერსის" დამფუძნებელმა თემურ სისაურმა განაცხადა, რომ ქსელში საბოლოოდ 6 მაღაზია გაერთიანდება, რომელთაგან თითოეული 7 ადამიანის დასაქმებას შეძლებს.

"თავიდანვე 6-ის გახსნას ვერ მოვახერხებთ, დავიწყებთ 2 მაღაზიით და ნელ-ნელა შევასრულებთ ჩვენს დასახულ გეგმას", - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი. 

სისაურმა ახალი კომპანიის დაარსების მოტივებზეც ისაუბრა.

"ახალი ქსელი შედარებით დაბალ საფასო სეგმენტზე იქნება გათვლილი. ეს იქნება შედარებით მაღალი ხარისხის ყავა, თუმცა არ იქნება ისეთი ძვირი, როგორიც “სისაური გრაინდერსის” პროდუქციაა. დღეს ქვეყანაში ისეთი მდგომარეობაა, რომ მომხმარებლებს “ყავა სისაურის” შეძენის საშუალება აღარ აქვთ, მათი უმრავლესობა იაფფასიანი პროდუქტის მოხმარებაზე გადადის. ფაქტობრივად, “გრაინდერსის” იდეა, რომ მივაწოდოთ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის ყავა, აზრს და ფასს კარგავს, რადგან მისი ღირებულება საკმაოდ მაღალია. ამიტომაც გადავწყვიტე ისეთ საფასო სეგმენტზე გათვლა რომელიც დღევანდელ სიტუაციას მოერგებოდა", - აღნიშნა მან.

კომპანია ყავის იმპორტს კოლუმბიიდან და ბრაზილიიდან განახორციელებს. თემურ სისაურის თქმით, ამ მიზნით მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია, ასევე, მზად არის "ყავის წისქვილისთვის" საჭირო დანადგარებიც და ახლა ქსელისთვის შესაბამისი ფართების იჯარით აღება და მათი მოწესრიგება რჩება.

"რამდენიმე თანამშრომელი უკვე ავიყვანეთ, კადრების მიღებას ვაგრძელებთ", - ამბობს თემურ სისაური.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები