მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზბეგში სასტუმრო Step Inn-ი გაიხსნა - უცხოური ინვესტიციის მოცულობა €2 მილიონამდეა

649840b2e29de
ვიქტორია მღებრიშვილი
25.06.23 17:51
4673
ყაზბეგში, დაბა სტეფანწმინდაში 2 მლნ ევრო უცხოური ინვესტიციით ახალი სასტუმრო Step Inn-ი გაიხსნა.

5 სართულიანი სასტუმრო სხვადასხვა ტიპის 19 ნომერს, 30 ადამიანზე გათვლილ საკონფერენციო სივრცეს, სპა ცენტრს აუზითა და საუნით აერთიანებს. სასტუმროში ასევე მოქმედებს რესტორანი, სადაც ქართველი შეფ-მზარეულის ქეთი ბაქრაძის ქართული და ევროპული კერძების დაგემოვნებაა შესაძლებელი. ახლადგახსნილი სასტუმრო 20 ადამიანს ასაქმებს, თუმცა ეტაპობრივად თანამშრომლების რაოდენობის გაზრდა 40 ადამიანამდე იგეგმება.



სასტუმრო Step Inn-ის დამფუძნებელი ანი ალიბეგაშვილმა საოჯახო განთავსების ობიექტის 10 წლიანი მართვის შემდეგ პარტნიორთან ერთად ბიზნესის გაფართოების და სტუმრებისთვის მაღალხარისხიანი, სრულფასოვანი სერვისის შეთავაზების გადაწყვეტილება მიიღეს და რამდენიმე წლის წინ ფინანსების მოძიებაზე მუშაობა დაიწყეს. პროექტის დეტალებზე სასტუმროს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა BM.GE-სთან ისაუბრა. 

„სასტუმრო 2 მლნ ევრომდე მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციით ავაშენეთ, რომლის მოძიებაზეც გერმანიასა და პოლონეთში ვიმუშავეთ.
„ყაზბეგს ძალიან ბევრი ვიზიტორი ჰყავს და განთავსებაზეც მოთხოვნა მზარდია. საქართველოში შემოსული ვიზიტორების ალბათ 90% ყაზბეგში ჩამოდის. ადგილზე ამ სექტორში ძალიან ცოტა მოთამაშეა ისეთი, რომლებსაც განთავსებისას სრული სერვისის შეთავაზება შეუძლია. სასტუმრო „რუმს“ ამ კუთხით დიდი როლი აქვს ნათამაშები. თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად დაბალბიუჯეტიან სერვისებს სთავაზობთ. ბაზარზე კი გამოიკვეთა, რომ აქ ჩამოსულ დამსვენებელს კომფორტის ზონის მოწყობა სურთ. ამიტომ ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა ალტერნატიული ობიექტი, სადაც ადამიანები კარგი დასვენებისთვის აუცილებელ ყველა ტიპის სერვისს ერთ ადგილას მიიღებდნენ. აქ ადამიანებს შეუძლიათ ერთ სივრცეში მოაწყონ საქმიანი შეხვედრები, ასევე გამართონ წვეულებები დაბადების დღეებისა თუ ქორწილების აღსანიშნად“, - ამბობს ანი ალიბეგაშვილი.




Step Inn-ის მშენებლობა სტეფანწმინდაში არსებული კლიმატური პირობების გამო 4 წლის განმავლობაში მიდიოდა, დღეს კი ბუნებასთან შერწყმული მთების ფორმის 19-ნომრიანი სასტუმრო ადგილობრივ თუ უცხოელ დამსვენებელს განთავსებასთან ერთად სხვა აქტივობებსაც სთავაზობს.

„სასტუმრო გათვლილია ყველა ტიპის და შემოსავლის მომხმარებელზე. ვცდილობთ მოვერგოთ ქართულ ბაზარს. ვცდილობთ, განსხვავებული სერვისის შეთავაზებას, სადაც დასვენებასთან ერთად უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს საქართველოს შესახებ სრული ინფორმაცის მიღება შეეძლებათ. ეს იქნება როგორც გაცნობითი სახის შეხვედრა საღამოები, სადაც სტუმრებს საქართველოს შესახებ პრეზენტაციებს გავუმართავთ, დავაკვალიანებთ და მივაწვდით ინფორმაციას რის გაკეთება შეუძლიათ სხვადასხვა კუთხეში. ასევე, საწყის ეტაპზე დავეხმარებით ტურების დაგეგმვაში და სერტიფიცირებული გიდების მომსახურების რეკომენდაციებს მივაწვდით“, - აღნიშნავს სასტუმროს ერთ-ერთი დამფუძნებელი.



სასტუმროს მმართველები სტუმრებს როგორც ევროპიდან, ასევე აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ელიან, რაც შეეხება განთავსების ღირებულება, ანი ალიბეგაშვილი BM.GE-სთან ამბობს, რომ ოთახების ღირებულება მათი ზომისა და სტუმართა რაოდენობის მიხედვით განსხვავებული იქნება.

„საწყის ეტაპზე, რადგან ახლები ვართ ზაფხულის განმავლობაში შევეცდებით შედარებით დაბალი ფასებით ვიმუშაოთ. განთავსების ღირებულება 2 ადამიანის შემთხვევაში 300 ლარიდან და დამსვენებელთა რაოდენობის ზრდის მიხედვით 600 ლარამდე მერყეობს. ფასი მოიცავს განთავსებას და საუზმეს.

რთულია იმის თქმა, რომელი ქვეყნიდან ჩამოვლენ ჩვენთან ტურისტები, თუმცა ჩვენი სურვილი ევროპელი დამსვენებლის მოზიდვაა, მათზე ვაკეთებთ სწორებას და სამზარეულოს მენიუც მათი გემოვნების შესაბამისად გვაქვს აწყობილი. თუმცა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ რუსეთს ვესაზღვრებით ალბათ, გვეყოლება რუსი დამსვენებელი და აღმოსავლეთის ქვეყნების ვიზიტორები“, - აღნიშნავს Step Inn-ის მესაკუთრე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები