მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყოფილი "ანანოვების სასახლე" 1,375,000 ლარად გაიყიდა - რა ვალდებულებებს იღებს ინვესტორი

5e1c72ca821db
შოთა ტყეშელაშვილი
13.01.20 17:42
20047
დღეს დასრულდა აუქციონი, რომლითაც იმერეთში ბაღდათის რაიონში, სოფელ ვარციხეში ანანოვების ყოფილი სასახლე გაიყიდა. საჯარო აუქციონი 2019 წლის 31 დეკემბერს გამოცხადდა. მის ფარგლებში სარეალიზაციოდ 77,500 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ისტორიული ნაგებობა გაიყიდა. 

ისტორიული ნაგებობა 2019 წლის 31 დეკემბერს რეგისტრირებულმა კომპანია შპს "ინვესტ ჯგუფმა"  1,375,000 ლარად შეიძინა. სწორედ აღნიშნული კომპანია იღებს ვალდებულებას, განახორციელოს 4 მილიონი ლარის ინვესტიცია და ადგილზე ტურისტული ობიექტი მოაწყოს. 

აუქციონის პირობების მიხედვით:

"შემძენმა პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე ტურისტული ცენტრის (რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) ალკოჰოლური სასმელების საჩვენებელ/საგამოფენო სივრცე(ებ)ს/დარბაზ(ებ)ს, რეკრეაციულ სივრცეს/მრავალწლიან ნარგავებს, სავალ ბილიკ(ებ)ს, გამწვანებას, გარე განათებას, ბუნებრივ ან/და ხელოვნურ საფარიან სპორტულ მოედანს/მოედნებს, სველ წერტილ(ებ)ს, საპრივატიზებო ქონებიდან შენობა-ნაგებობა №1-ში არაუმეტეს 6 ნომრიანი სასტუმროს მოწყობას) შექმნა (რაც ასევე შესაძლოა მოიცავდეს გადაცემული უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შესაბამისი კომპეტენტური ორგანო(ები)ს თანხმობით განხორციელებულ დემონტაჟს), კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ექსპლუატაციაში მიღება და ფუნქციონირების დაწყება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 48 (ორმოცდარვა) თვის ვადაში;

გ) „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული ტურისტული ცენტრის ფუნქციონირების უზრუნველყოფა მისი შექმნიდან არანაკლებ 10 (ათი) წლის განმავლობაში;

დ) პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით არანაკლებ 4 000 000 (ოთხი მილიონი) ლარის ოდენობის ინვესტიციის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) განხორციელება;

ე) „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) თვის ვადაში, ამავე ქვეპუნქტით განსაზღვრულ ტურისტულ ცენტრში არანაკლებ 20 (ოცი) ადამიანის დასაქმება, არანაკლებ 2 (ორი) წლის ვადით."- ნათქვამია აუქციონის პირობებში. 

აუქციონში მონაწილეობა "ინვესტ ჯგუფმა" მიიღო. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები