ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გასული წლის დეკემბერში უწყების ანგარიშის წარდგენისას, სამინისტროს ანალიტიკური ჯგუფის და საერთაშორისო ექსპერტების ანალიზის საფუძველზე განაცხადა, რომ Covid-პაციენტთა ლეტალობის მიზეზი კლინიკების გარკვეული ნაწილის არაკეთილსინდისიერება და ჰოსპიტალური ინფექციის კონტროლის არარსებობაა.
კლინიკებში პაციენტების მიმართვიანობის კლებისა და გარდაცვალების მაღალ მაჩვენებელთან დაკავშირებით გადაცემა „ანალიტიკაში“ წამყვანის მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძემ ისაუბრა და ყოფილი მინისტრის შეფასებასაც გამოეხმაურა.
„ყოფილი მინისტრის მხრიდან ასეთი განცხადება, ჩემი აზრით, არასერიოზულია, რადგან ჯანდაცვის სამინისტრომ ჯერ კიდევ 8 თვის წინ შეიმუშავა რთული და მძიმე ინფექციური კონტროლის გაიდლაინი, რომლითაც ჩვენს არაერთ კლინიკაში შემოვიდნენ და შეამოწმეს. კლინიკებს მუდმივად ამოწმებენ და ეს არის ჩვენი საზომი, როგორ უნდა ვმართოთ ინფექციები თუ სხვადასხვა სამედიცინო თემები. როდესაც სახელმწიფოს ასეთი გაიდლაინი აქვს და შენ რომელიმე კლინიკას ან არ აჯარიმებ, ან არ გაქვს ანალიტიკა, ასეთი განცხადებების კეთება თანამდებობიდან წასვლის შემდეგ არასწორია“, - განაცხადა ნინა კობახიძემ.
„ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „ომიკრონის“ პირობებში კლინიკებში მიმართვიანობა რეგიონებში შემცირდა, თუმცა თბილისში გაიზარდა.
„დიახ, დღეს ომიკრონიდან გამომდინარე პაციენტების კლინიკებში მიმართვიანობა შემცირებულია, განსაკუთრებით რეგიონებში. ჩვენს კოლეგებთან შეხვედრისას გავიაზრეთ, რომ თბილისში, სადაც ყოველდღიურად ინფიცირების უფრო მეტი რაოდენობაა, ჩვენს კოლეგებს მიმართვიანობა მნიშვნელოვნად გაეზარდათ. პედიატრებთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად კი ბავშვების ინფიცირებისას მიმართვიანობა შიშიდან და პანიკიდან გამომდინარე იზრდება. პირველადი რგოლიც ძალიან გადატვირთულია და ოჯახის და დაზღვევის ექიმები დღიურად დაახლოებით 200 ადამიანთან რეკავენ, რაც ძალიან რთულია. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ სტაციონარში მიმართვიანობის ძალიან დიდი პროცენტი ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებზე მოდის“, - განმარტა კობახიძემ.