მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყვარელში ახალი სასტუმრო „თილია ყვარელი რეზორტი“ გაიხსნა - ინვესტიცია ₾5 მილიონია

645a4e893cfe8
ვიქტორია მღებრიშვილი
09.05.23 17:30
3487
ყვარელში, ილიას გორის ძირში 5 მლნ ლარის ინვესტიციის სასტუმრო „თილია ყვარელი რეზორტი“ გაიხსნა.

25-ნომრიანი სასტუმროს გახსნის იდეა აშშ-სა და საქართველოს ორმაგ მოქალაქეს ნათია გამყრელიძეს ჯერ კიდევ 2 წლის წინ, ამერიკაში ცხოვრებისას გაუჩნდა და ამისთვის კომპანიაც დააფუძნა. მიზანი ამერიკიდან საქართველოში დაბრუნება და საკუთარი ბიზნესის ამოქმედება იყო. ლოკაციად კი კახეთი შეარჩია, მიუხედავად იმისა, რომ თავად თბილისელია.

„კახეთი ბავშვობიდან მიყვარდა. გარკვეული პერიოდი ამერიკაში ვცხოვრობდი. როდესაც დაბრუნებაზე დავიწყე ფიქრი, საკუთარი ბიზნესის წამოწყება გადავწყვიტე. სასტუმროს განთავსების ადგილად კი ყვარელი შევარჩიეთ. სახელიც ჩემი და მეუღლის რომან ნაზღაიძის შერჩეულია. საქმე ის არის, რომ სასტუმრო ილიას მთის ძირში მდებარეობს, სადაც ცაცხვებისა და მუხის ტყეა. ცაცხვი ლათინურად „თილიაა“ და ამასთან ამ სახელშიც „ილია“-ც შედის. ამიტომ შევარჩიე ეს სახელწოდება“, - ამბობს ნათია გამყრელიძე.



სასტუმრო „თილია ყვარელი რეზორტი“ 5 500 კვ.მ.-ის ფართობზე მდებარეობს. სასტუმროს პროექტი რესტორანს, 40 კაცზე გათვლილ საკონფერენციო სივრცეს და ღია აუზს მოიცავს. საწყის ეტაპზე სასტუმროში 10 ადამიანი საქმდება. პროექტი დამფუძნებლებმა 5 მლნ ლარის ინვესტიციით განახორციელეს.

"თილია ყვარელი რეზორტმა" ჯავშნების მიღება პირველი მაისიდან დაიწყო და პირველ სტუმრებს თვის ბოლოდან ელის. ნათია გამყრელიძე ამბობს, რომ დამსვენებელს უცხო ქვეყნებიდანაც ელიან.

„სასტუმროში ორი, სამ-ნომრიანი და ლუქს ტიპის ნომრებია. განთავსების ღირებულება 2-კაციან ნომერში 190 ლარიდან იწყება და საუზმესაც მოიცავს, ლუქს ნომერში განთავსების ღირებულება კი 320 ლარია“, - აღნიშნა ნათია გამყრელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები