მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ყვარლის ტბა“ ფართოვდება - Mgroup-ი $7 მლნ-ის ინვესტიციას დებს

61a4cdee7a4a6
ვიქტორია მღებრიშვილი
30.11.21 09:45
2014
საკურორტო სასტუმრო „ყვარლის ტბა“, რომელსაც სტუმარმასპინძლობის სფეროში მოქმედი კომპანია mgroup მართავს, 7 მლნ დოლარის ინვესტიციით ფართოვდება.

Mgroup-ის ბიზნესის განვითარების დირექტორი ნანა მჟავანაძე BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სასტუმროს მშენებლობა ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს და ის პირველ სტუმრებს 2022 წლის ბოლოსთვის მიიღებს.

ახალი სასტუმრო შენობა 60 ნომერს, 200 ადამიანზე გათვლილ საკონფერენციო სივრცეს, 200 სტუმარზე გათვლილ რესტორანს, ლაუნჯ ბარს, ალაზნის ველსა და ყვარლის ტბაზე ხედებით 2 ტერასას, დახურულ საცურაო აუზს, სპას და სხვა სერვისებს მოიცავს.



„პროექტზე მუშაობა 2020 წლის დასაწყისში დავიწყეთ, მიუხედავად პანდემიისა არ შეგვიჩერებია საპროექტო სამუშაოები და ამ ეტაპზე პროექტი აქტიურ სამშენებლო ფაზაშია. სტუმრების მიღებას 2022 წლის ბოლოდან ვგეგმავთ. ახალი შენობის საინვესტიციო ბიუჯეტი 7 მლნ დოლარია და გახსნის შემდეგ კიდევ 100-მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება.

ყვარლის ტბის გენიალური მდებარეობისა და იქ არსებული ფანტასტიკური გარემოდან გამომდინარე, მოთხოვნა ყოველთვის მაღალია. გვაქვს სურვილი, კიდევ ერთი განსხვავებული კონცეფციისა და დიზაინის, მაღალი სტანდარტის კურორტი შევქმნათ რეგიონში. ამდენად, ამ შენობის დასრულების შემდეგ, კიდევ დიდი და ტერიტორიის განვითარებასთან მიმართებით საინტერესო გეგმები გვაქვს“, - უთხრა BM.GE-ის Mgroup-ის ბიზნესის განვითარების დირექტორმა.



ნანა მჟავანაძე აღნიშნავს, რომ საკურორტო სასტუმრო „ყვარლის ტბის“ მიმართ ინტერესი დიდია და ის წლის განმავლობაში როგორც ადგილობრივ ასევე უცხოელ სტუმრებს მასპინძლობს.

„სასტუმრო განსაკუთრებული პოპულარობით ცენტრალური ევროპიდან ჩამოსულ ტურისტებს შორის სარგებლობს. პანდემიის შემდგომ ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, ძალებს ნელ-ნელა ვიკრეფთ, თუმცა 2019 წლის მაჩვენებლებს ჯერ ვერ უტოლდება. ოპტიმისტურად ველოდებით 2022 წელს. გვჯერა, რომ მსოფლიო შეძლებს პანდემიის დაძლევას, რაც ტურიზმის ინდუსტრიისათვის დიდი შვება იქნება“, - აღნიშნა ნანა მჟავანაძემ.

ცნობისთვის, mgroup-მა სასტუმრო კომპლექსის ტრანსფორმაციის შემდეგ 2019 წელს ახალი შენობა გახსნა, სადაც 120 ადამიანია დასაქმებული და სასტუმროს ერთდროულად 150 ადამიანის მიღება შეუძლია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები