„სამომავლოდ ყველა ქვეყნის ცენტრალურ ქალაქებში მაღაზიებს გავხსნით“, - ასეთია CROSTY-ს სტრატეგიული გეგმა.
როგორც bm.ge-სთან საუბრისას სპორტული ფეხსაცმელების ბრენდის თანადამფუძნებელმა გიორგი მიქაიამ განაცხადა, პანდემიურმა წელმა გამოწვევების წინაშე, რა თქმა უნდა, CROSTY-ც დააყენა, მაგრამ გაყიდვების მზარდ ტრენდს მაინც ინარჩუნებენ.
პანდემიის პერიოდში CROSTY ადგილობრივ ბაზარზე მისთვის კარგად აპრობირებულ ონლაინგაყიდვებს იყენებდა.
“ბოლო ერთ წელიწადში გაყიდვები თითქმის გავაოთხმაგეთ და ამაში, დამატებით, მაღაზიის გახსნაც დაგვეხმარა. ახლა დადებით დინამიკას ვინარჩუნებთ და თვეში გაყიდვების 30%-იანი ზრდა გვაქვს. თავდაპირველად პანდემიამ ტემპი დაგვიგდო, თუმცა სწორი მარკეტინგული კამპანიებით რთული სიტუაციაც დავძლიეთ.
ამ ეტაპზე სრულად ადგილობრივ ბაზარზე გადმოვერთეთ და მარკეტინგული კამპანიები ყველგან შევწყვიტეთ, მათ შორის აშშ-შიც. თავდაპირველად ვფიქრობდით, რომ საქართველოს ბაზარი არამომგებიანი იქნებოდა და მაღალი საფასო პოლიტიკიდან გამომდინარე ბრენდი აქ ვერ გაიყიდებოდა, თუმცა ეს ასე არ აღმოჩნდა“, - ამბობს CROSTY-ს თანადამფუძნებელი.
რაც შეეხება მომავლის გეგმებს, გიორგი მიქაიას თქმით, წლის ბოლომდე გადაწყდება, სად გაიხსნება CROSTY-ს შემდეგ მაღაზია - იქნება ეს ევროპის რომელიმე ქალაქი, თუ - აშშ.
“ჩვენი სტრატეგიის მიხედვით, სამომავლოდ ყველა ქვეყნის ცენტრალურ ქალაქებში ჩვენს მაღაზიებს გავხსნით, ისე როგორც ეს საქართველოში გავაკეთეთ. წლის ბოლომდე გადავწყვეტთ სად შევალთ - ევროპაში თუ აშშ-ში“, - აცხადებს გიორგი მიქაია.
Bm.ge-სთან ინტერვიუში CROSTY-ს თანამდაფუძნებელმა ლოგისტიკის სირთულეებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ბრენდმა წარმოების ხაზი სრულად იტალიაში გადაიტანა და პროდუქციის მოწოდება სწორედ იქიდან ხდება. „თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიური ვითარების გამო ლოგისტიკა შენელებული და გართულებულია“, - დასძინა მან.