ყველამ იცის რომ რუსეთი ენერგეტიკას იყენებს თავისი გავლენების გასაფართოებლად, - ამის შესახებ ექსპერტმა პაატა ცინცაძემ გადაცემა „რედაქტ 2“-ში ისაუბრა, სადაც დარგის წარმომადგენლებმა ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე შექმნილი ვითარება და რუსეთის გავლენები მიმოიხილეს.
როგორც ექსპერტმა განმარტა, რუსეთი ერევა არამარტო გაზის მიწოდების ნაწილში, მას საკმაოდ ძლიერი პოზიციები აქვს ევროპაში და ამას იყენებს კიდეც.
„ევროპა საკმაოდ ინერტული აღმოჩნდა და მხოლოდ შეშფოთებებით და მოწოდებებით რუსეთს ვერ შეაჩერებს, ეს გავლენა, სამწუხაროდ, მგონია რომ ძალიან დიდხანს გაგრძელდება“, - განაცხადა პაატა ცინცაძემ.
ცნობისთვის, ევროპაში გასულ წელთან შედარებით გაზის ფასი დაახლოებით 500%-ით არის გაზრდილი. ექსპერტები აღნიშნულის მიზეზად რამდენიმე ფაქტორს ასახელებენ, მათ შორის რუსეთის „შანტაჟსაც“, რომ თუ ევროპა გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკად 2"-ის ამოქმედებას ხელს არ შეუწყობს, გაზის მიწოდებას არ გაზრდის.
გადაცემა „რედაქტ 2“-ში ექსპერტმა პაატა ცინცაძემ 2006 წლის თებერვლის პერიოდიც გაიხსენა, როდესაც საქართველოს რუსეთიდან 24 დღე არც გაზი და არც ელექტროენერგია არ მოეწოდებოდა. „მაშინ მათ ნახეს ჩვენ რა საშუალებები გაგვაჩნდა. მათ აქვთ ეს იარაღი, რომელიც კიდევ შეიძლება რომ გამოიყენონ თუ ჩვენ რუსეთზე კიდევ უფრო დამოკიდებული გავხდებით, ვიდრე დღეს ვართ“, - ამბობს პაატა ცინცაძე.