მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზამთრის სეზონი: რა მოლოდინები აქვთ მესტიაში მდებარე სასტუმროებს?

636e73eb71df1
მარიამ იზორია
14.11.22 00:12
892
მესტია ზამთრის ტურისტული სეზონისთვის ემზადება. სვანეთში სეზონი სტარტს, დაახლოებით, დეკემბრის ბოლოდან აიღებს და მარტის ბოლომდე გაგრძელდება.

სასტუმროებს 2023 წლის სეზონისთვის დადებითი მოლოდინები აქვთ. მაგალითად, მესტიაში მდებარე ერთ-ერთი ყველაზე დიდი, 53-ნომრიანი სასტუმრო „ფოსტას“ დირექტორი თათია დევდარიანი bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ სასტუმროს 25% ზამთრის სეზონისთვის წინასწარ უკვე დაჯავშნილია.

მისივე შეფასებით, სვანეთში ტურიზმი პანდემიის შემდგომ „გაჯანსაღებას“ ეტაპობრივად იწყებს.

„სასტუმროში ოთახების 25% უკვე დაჯავშნილია. ეს ამ პერიოდისთვის საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. პანდემიის შემდგომ სექტორს გამოცოცხლება ეტყობა. მაღალია აქტივობა რუსი და უკრაინელი დამსვენებლებისგან; ქართველებისგანაც ბევრი ჯავშანი გვაქვს“, - აღნიშნავს „ფოსტას“ დირექტორი.

2023 წლის ზამთრის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინები აქვთ სასტუმრო „ფალიანშიც“. როგორც მისი დამფუძნებელი bm.ge-სთან ყვება, სასტუმროში ჯავშნების რაოდენობა 40%-ს აღწევს.

„სასტუმრო "ფალიანი" ზამთრის სეზონის სამზადისშია. სასტუმროს 40% უკვე დაჯავშნილია. ძირითადად, ამ დროისთვის, საერთაშორისო ვიზიტორების ჯავშნები გვაქვს, თუმცა უფრო მეტის მოლოდინი გვაქვს, რადგან ქართველები წინასწარი ჯავშნებისგან თავს იკავებენ“, - ამბობს ეკა გველესიანი.

ბიზნესებთან საფასო პოლიტიკაზეც ვისაუბრეთ. დაახლოებით, სამჯერ გაძვირებული პროდუქტის მიუხედავად, სასტუმროების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მოგების მარჟის შემცირების ხარჯზე მომსახურების ფასები არ გაზარდეს.

„მომსახურების ფასები არ გაგვიზრდია. რთულია სერვისის ღირებულება იმ პროპორციით გაზარდო, როგორი პროპორციითაც პროდუქტის ფასები იზრდება. პროდუქტის ღირებულება გაორმაგებული ან გასამმაგებულია. ისევ ჩვენი მოგების შემცირების ხარჯზე ვინარჩუნებთ ფასებს“, - აცხადებს მესტიაში მდებარე სასტუმრო „ბუდეს“ დამფუძნებელი თათია თეთრაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები