მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზაზა ფაჩულიას 3-მილიონიანი ინვესტიციიით, თბილისში Shoot 360-ის ფილიალი იხსნება

61b7549890e95
ვიქტორია მღებრიშვილი
13.12.21 19:55
3994
15 დეკემბერს, თბილისში, ინდივიდუალური საკალათბურთო მომზადების დარბაზის პირველი ფილიალი Shoot 360 Tbilisi-ის გაიხსნება.

ამერიკული პროექტ Shoot 360-ის პირველი ანალოგი თბილისში, NBA-ის ვეტერანი კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიას ინიციატივით, მისსავე კალათბურთის აკადემიის შენობაში მოეწყო, რისთვისაც ქართველმა კალათბურთელმა საწყის ეტაპზე 3 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.

Shoot 360 Tbilisi-ს მარკეტინგის მენეჯერი სალომე ასლანიკაშვილი BM.GE-სთან საუბრისას განმარტავს, რომ Shoot 360 ამერიკული პროექტია, რომელიც პირველად ტოვებს სამშობლოს და თავის პირველ ფილიალს საქართველოში აარსებს.

“თავად ამერიკული პროექტი Shoot 360 საკალათბურთო ინდივიდუალური მომზადების პროგრამას მოიცავს. ეს სრულად აღჭურვილი მაღალტექნოლოგიური დარბაზია, სადაც ერთ შესვლაზე მხოლოდ 12 ადამიანი შედის და მათთვის განკუთვნილ სხვადასხვა ტექნოლოგიით აღჭურვილ სივრცეში ვარჯიშს და ინდივიდუალურ საკალათბურთო უნარების - სროლის, ბურთის გადაცემის, დრიბლინგის განვითარებას შეძლებს.

ამ პროექტის ფრანჩაიზის მოპოვებაზე ზაზა ფაჩულია დიდი ხანია მუშაობდა. მან ამერიკული პროექტის ევროპის ექსკლუზიური ფრანჩაიზი შეიძინა და ძალიან უნდოდა, რომ პირველი დარბაზი სწორედ საქართველოში გახსნილიყო. შედეგად, საქართველო ევროპაში პირველი წერტილი იქნება, სადაც თბილისში პირველი საერთაშორისო ფილიალი გაიხსნება“, - განმარტა სალომე ასლანიკაშვილმა.



წერეთლის გამზირზე, ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის შენობაში, 582 კვ/მ-ზე არსებული დარბაზი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა, რომელიც თითოეული ვიზიტორის მონაცემებს, იქნება ეს ბურთის კალათში ჩაგდების სიჩქარე, ჩაგდების კუთხე თუ სხვა მახასიათებელი, ითვლის და მას ერთიან სისტემაში სვამს. ჯამში, პროექტის განხორციელებისთვის ზაზა ფაჩულიამ 3 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. პროექტი 20 ადამიანს დაასაქმებს.

„ახალი დარბაზი გათვლილია ყველაზე, ვისაც კალათბურთი უყვარს, ბავშვებზე, რათა მათ ვარჯიში უკეთეს გარემოში შეძლონ; პროფესიონალებზე - აშშ-ში NBA-ის ვარსკვლავები ასეთ დარბაზებში ვარჯიშობენ და გადიან მოთელვას; მოყვარულებზე - დარბაზი ერთი დიდი ვიდეო თამაშია, სადაც მოხვედრა ნებისმიერს მსურველს შეეძლება და თამაშს არა ვარჯიშის, არამედ გართობის სახე მიეცემა“, - აღნიშნა Shoot 360 Tbilisi-ს მარკეტინგის მენეჯერი.

აღსანიშნია, რომ დარბაზში პირველი ვარჯიში მსურველებისთვის უფასო იქნება, ხოლო შემდეგ დაინტერესებული პირები პაკეტების შეძენას შეძლებენ: 6 ვიზიტი - 170 ლარი; 10 ვიზიტი - 260 ლარი; პაკეტის მფლობელებისთვის მწვრთნელების აყვანის ღირებულება 50 ლარი, ხოლო ჯგუფური ვარჯიშის შემთხვევაში 2-4 მოსწავლე -40 ლარი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები