მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ZILFI handmade თბილისში სახელოსნო-გალერეას ხსნის

62123aae28e3b
სალომე ჭიპაშვილი
21.02.22 10:15
830
ბრენდი ZILFI handmade 22 თებერვალს სახელოსნო-გალერეას ხსნის, რომელიც თბილისში, ისნის ტერიტორიაზე იქნება განთავსებული. სახელოსნო-გალერეა 100 კვ.მ-ის ფართზე იქნება განთავსებული, რომელიც როგორც bm.ge-ს ZILFI handmade-ის დამფუძნებელმა, ფატი კახნიაშვილმა განუცხადა, ბრენდის განვითარებასა და ადამიანების დასაქმებას შეუწყობს ხელს.

„სააგენტოს "აწარმოე საქართველოში“ გრანტითა და ჩვენი სამწლიანი მუშაობის შედეგად, დაახლოებით 30 ათასი ლარის ინვესტირება მოვახდინეთ ამ სახელოსნო-გალერეაში, სადაც იძულებით გადაადგილებული ქალებისათვის, ბავშვთა სახლის აღსაზრდელი გოგონებისათვის, ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის, მათი რეაბილიტაციის, არტ-თერაპიისა და ხელობის შესწავლის, და შემდგომ მათი დასაქმების მიზნით, უფასო სასწავლო ჯგუფების შექმნა გვაქვს დაგეგმილი", - განაცხადა ფატი კახნიაშვილმა.

ბრენდის სამკაულები წარმოდგენილია ქალისა და მამაკაცის ხაზით: საყურე, სამაჯური, ყელსაბამი, გულსაბნევი. აქსესუარებიც გამოირჩევა მრავალფეროვნებით: თმის სამაგრი, გვირგვინი, პერანგის სამკლავურები, ჰალსტუხის სამაგრი, პინები, ღილები − პატარა ქვევრისა და ვაზის ფოთლების ფორმის; მტევანი − საკიდი ღვინის ბოთლზე, ჩარჩოზე და სხვა დეკორის სახით. ZILFI handmade-ის ფასები 30 ლარიდან - 500 ლარამდე მერყეობს.

„სამკაულებსა და აქსესუარებში ბუნებრივი მტევნების შესაქმნელად გამოყენებულია ნახევრად ძვირფასი და ძვირფასი ქვები, ლითონი კი − თითბერი, ვერცხლი და შეკვეთის შემთხვევაში, ოქროა“,- აღნიშნა ბრენდის დამფუძნებელმა.

ცნობისთვის, ZILFI handmade ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს, და ის სამ ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები