მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზომები, რომლებიც საქართველოშია დანერგილი არის მყარი გარანტია, რომ სანქციების გვერდის ავლა არ მოხდება - ო’სალივანი

649c47e822598
შოთა ტყეშელაშვილი
28.06.23 18:44
638
"ზომები, რომლებიც საქართველოშია დანერგილი, წარმოადგენს საკმაოდ მყარ გარანტიას, რომ სანქციების გვერდის ავლა არ განხორციელდება,”- განაცხადა სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა დევიდ ო’სალივანმა.

ო’სალივანის თქმით, საქართველოში მისი ვიზიტი ძირითადად ფოკუსირებული იყო საექსპორტო შეზღუდვებზე, რაც რუსეთისთვის 38 დასახელების კრიტიკული ელექტრო-კომპონენტების (მიკროჩიპები, პროცესორები) მიწოდების შეზღუდვას შეეხებოდა.

ამასთან, ო’სალივანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ევროკომისიის გზავნილი, რომ EU იმედგაცრუებულია იმ ფაქტით, რომ საქართველო არ შეუერთდა ევროკავშირს სანქციებში (ფრენების შეზღუდვა და სხვა ზომები, რაც EU-მ დააწესა), თუმცა უკვე მოქმედი სავაჭრო სანქციების აღსრულების მხრივ საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

"ჩვენ ვუყურებთ სანქციების გვერდის ავლის საკითხებს. განსაკუთრებით კი ფოკუსირებული ვართ 38 დასახელების ელექტრონულ საქონელზე, რომლებიც სამხედრო მნიშვნელობის მქონე კომპონენტებს წარმოადგენენ. ჩვენ ამ მისიის ფარგლებში არაერთ სახელმწიფოს ვესტუმრეთ. ზოგიერთი ვიზიტი ჩემს ამერიკელ და ბრიტანელ კოლეგებთან ერთად შედგა, ზოგიერთი კი მათგან დამოუკიდებლად. საქართველო არ ახდენს სანქციების იმპლემენტაციას, რასთან დაკავშირებითაც იმედგაცრუებული ვართ, რადგანაც ამას აკეთებს ქვეყანა, რომელსაც ევროპული ასპირაცია აქვს და ის არ იზიარებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილებებს. თუმცა ჩვენ გვესმის ქვეყანაში არსებული ვითარება, ეკონომიკური, სოციალური თუ გეოგრაფიული სიახლოვიდან გამომდინარე, რაც რუსეთთან გაქვთ. შესაბამისად გვესმის, რომ ისინი [მთავრობა] არ უერთდებიან ჩვენს სანქციებს. თუმცა მინდა ვთქვა, რომ ბოლო ორ დღეში ნანახმა იმაში დაგვარწმუნა, რომ ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს, რათა საქართველო არ იქნას გამოყენებული სანქციების გვერდის ავლის პლატფორმად. ჩვენ მოვისმინეთ, რომ დანერგილია მნიშვნელოვანი ზომები საქართველოს გავლით 38 სენსიტიური დასახელების ელექტრონული მოწყობილობის ექსპორტის აღკვეთასთან დაკავშირებით. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ფინანსურ სანქციებთან მიმართებითაც. შემიძლია ვთქვა, რომ ამ მხრივ დანერგილი პროცედურებით ჩვენ გაკვირვებული ვართ. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ჩვენი ვიზიტი არის პარტნიორული და ერთ დღეს მოხარული ვიქნებით საქართველო ევროკავშირში ვიხილოთ. ამიტომაც გვსურს, რომ სანქციების საკითხი, რომელიც სავარაუდოდ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იქნება აქტუალური, უნდა იყოს აღსრულებული იმ სახით, რომ ის არ იქცეს ორმხრივი ურთიერთობებისთვის ხელისშემშლელ ფაქტორად. ის, რაც ვიხილეთ ბოლო ორი დღის განმავლობაში, მარწმუნებს იმის თქმაში, რომ ეს ასე ნამდვილად არაა და ვერ ვხედავ რაიმე მიზეზს, რის გამოც ეს მდგომარეობა შეიძლება შეიცვალოს.

კითხვაზე - იყო თუ არა სანქციების გვერდის ავლის შემთხვევები, ო'სალივანი აცხადებს: "მოხარული ვიქნებოდი მეთქვა, რომ არ ყოფილა არცერთ ქვეყანაში სანქციებისთვის გვერდის ავლის ფაქტები. სადაც არის სანქციები, იქ არის მათი გვერდის ავლაც, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ის ზომები, რომლებიც საქართველოში არის დანერგილი, წარმოადგენს საკმაოდ მყარ გარანტიას, რომ სანქციების გვერდის ავლა არ განხორციელდება", - განაცხადა დევიდ ო'სალივანმა.

დღეს საქართველოში აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების სპეციალური წარმომადგენლების ორდღიანი ვიზიტი სრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები