მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზოომაღაზიები მოსკოვში, რუსული IT კონსალტინგი, “ბაგრატიონი 1882” - ლევან ვასაძის ბიზნესები

609795835c2d7
BM.GE
09.05.21 13:00
17722
ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა “ერთობა, რაობა, იმედი” წარადგინა.

ლევან ვასაძის ბიზნეს საქმიანობა ძირითადად რუსეთის ფედერაციას უკავშირდება, სადაც მისი საინვესტიციო კომპანია რამდენიმე მსხვილ ბიზნესში იყო ჩართული.

ლევან ვასაძე 1998-2006 წლებში რუსეთის ერთ-ერთ მსხვილ ჰოლდინში АФК “Система”-ში მუშაობდა და პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტსაც იკავებდა. АФК “Система”-ს მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასვლის შემდეგ, 2006 წელს ლევან ვასაძე კომპანიის დაქვემდებარებაში არსებული სადაზღვევო ფირმის - “ROSNO”-ს ხელმძღვანელი გახდა. 2007 წელს გერმანულმა ჰოლდინგმა Allianz–მა რუსული АФК “Система”-სგან “ROSNO”-ს წილი $750 მილიონად იყიდა. ამ გარიგების შემდეგ, ლევან ვასაძემ კომპანიის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა.

მომდევნო წლებში ლევან ვასაძემ პარტნიორებთან ერთად კაიმანის კუნძულებზე დააარსა საინვესტიციო ფონდები Prometheus Capital Partners და CIS Acquisition. 2010 წელს ლევან ვასაძის Prometheus Capital Partners-მა $50 მილიონიანი სესხის მისაღებად EBRD-ს მიმართა. ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ამ პერიოდში ვასაძის ფირმა $350 მილიონი დოლარის მოცულობის საინვესტიციო პორტფელის შექმნას ცდილობდა. თუმცა EBRD-ის ვებვერდის თანახმად, ეს გარიგება არ შედგა.

ზოომაღაზიების ერთ-ერთი მსხვილი ქსელის “Бетховен”-ის შესყიდვა:

2010 წელს ლევან ვასაძის საინვესტიციო კომპანიამ Prometeus capital partners-მა ზოომაღაზიების ქსელის “Бетховен”-ის და “ზოობუმის” საკონტროლო პაკეტი შეიძინა. 2017 წელს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვასაძე კომპანიაში საკუთარი წილის გაყიდვას გეგმავდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ამ პერიოდში კომპანიის ღირებულება 5 მილიარდ რუბლად, ანუ დაახლოებით $70 მილიონად, ხოლო, მასში ლევან ვასაძის საკონსტოლო პაკეტის წილი კი 3-3.5 მილიარდ რუბლად, ანუ $40-$45 მილიონად იყო შეფასებული. თუმცა, როგორც ვასაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, ის ზოომაღაზიების ქსელში წილს ამ დრომდე ინარჩუნებს.

"მე მაქვს მხოლოდ წილი მაღაზიების ქსელში, რომელიც არის ზოომაღაზიებში და ჩემი ამ გადაწყვეტილების შემდეგ [პოლიტიკაში მოსვლის] ვაპირებ, გავყიდო ეს წილი, რათა აღარ მქონდეს აღარანაირი კავშირი ამ ჩემს ბიზნესთან",- რუსთავი 2-ს განუცხადა ლევან ვასაძემ. 

რუსული IT კომპანიის AT Consulting-ის შესყიდვა:

2016 წლიდან 2017 წლის ივნისამდე ლევან ვასაძე ფლობდა და ხელმძღვანელობდა რუსულ IT საკონსულტაციო ფირმა AT Consulting-ს, რომელიც კომპანიის ვებვერდის თანახმად, ამ პერიოდში 2500-ზე მეტ ადამიანს ასაქმებდა. 2016 წელს კომპანიის შემოსავალი 11.87 მილიარდი რუბლი იყო. რაც ამ პერიოდის გაცვლითი კურსის მიხედვით, $160 მილიონ დოლარამდე იყო. Vedomosti-ის ინფორმაციით, ამ კომპანიის მაჟორიტარული წილი და მართვის უფლებაც კვლავ მის წინა მფლობელს სერგეი შილოვს დაუბრუნდა.

2017 წლის მაისში RBK-სთან ინტერვიუში ვასაძემ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციას გლობალურ IT კონსალტინგის სფეროში ერთ-ერთი ლიდერის პოზიციის დაკავება შეუძლია და ამ მხრივ ინვესტიციაც კომპანიის შესაძლებლობების გაფართოების მიზნით განახორციელა. ინტერვიუდან მალევე ვასაძემ კომპანია დატოვა.

2015 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ ლევან ვასაძე АФК “Система”-ს მმართველობის საბჭოს დაუბრუნდა და საინვესტიციო პორტფელის მიმართულებით ვიცე-პრეზიდენტი გახდა. თუმცა შემდეგ ეს პოსტი ისევ დატოვა.

ლევან ვასაძის ქართული ბიზნესი:

საქართველოში ლევან ვასაძის აქტივებს შორის უმსხვილესი ცქრიალა ღვინის მწარმოებელი კომპანია “ბაგრატიონი 1882”-ია.
კომპანიის მიერ reportal.ge-ისთვის წარდენილი ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2019 წელს სააქციო საზოგადოება “ბარატიონი 1882”-ის შემოსავალი 8,915,606 ლარი იყო. ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, ეს კომპანია 2019 წელს 1,620,124 ლარის ზარალზე იყო. საბალანსო უწყისის მიხედვით, კომპანიას 22,044,135 ლარის აქტივები ეკუთვნის.

“ბაგრატიონი 1882”-ის გენერალური დირექტორი ლევან ვასაძის მეუღლე ნინო დურგლიშვილია. კომპანიის 96,82%-იანი წილს ვასაძესთან დაკავშირებული ლუქსემბურგული კომპანია “ქორ ინვესტი” ფლობს.

კიდევ ერთი ბიზნესი, რომელშიც ლევან ვასაძე საქართველოში არის ჩართული სასკოლო განათლების სფეროა. მისი მეუღლე ნინო დურგლიშვილი ფლობს კიკეთში, იაკობ გოგებაშვილის სასწავლების 100%-იან წილს.

კომპანიის მიერ reportal-ზე წარდენილი ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2019 წელს სკოლის შემოსავალი 978,514 ლარი, მისი წმინდა მოგება კი 266,239 ლარი იყო. სკოლის აქტივების მოცულობა აქტივები 2019 წლის ბოლოსთვის 1,952,743 ლარს შეადგენდა.

2013-დან 2016 წლამდე ლევან ვასაძე ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული საინვესტიციო ფონდის - თანაინვესტირების ფონდის მმართველი კომპანიის “ჯი სი ეფ პარტნიორების” 16%-იან წილს ფლობდა. ამასთან, ვასაძემ 2013 წელს “თანაინვესტირების ფონდის” პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ის ფონდის მრჩეველტა საბჭოს წევრი იქნებოდა.

ლევან ვასაძის და თამარ ვასაძე ფლობს 83%-იან წილს ეროვნული სამოსის მწარმოებელ ბრენდ “სამოსელი პირველში”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები