„აღსანიშნავია, რომ 2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტის მერი და გამგებელი საწვავს ხარჯავდნენ როგორც მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული განპიროვნებული ავტომანქანებისათვის, ასევე პირად საკუთრებაში არსებული ტრანსპორტისათვის. კერძოდ, მუნიციპალიტეტის ავტომანქანებზე გაცემულია 25.8 ტონა საწვავი, ხოლო პირად სარგებლობაში არსებული ავტომანქანების მიერ გახარჯულია დამატებით 2.9 ტონა საწვავი.
გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი მონაცემების შესწავლით გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც საწვავი გამოყენებულია სავარაუდოდ არაავტორიზებული ავტომანქანებისათვის. კერძოდ, ცალკეულ ავტომანქანაზე ერთი დღის განმავლობაში, დროის მცირე ინტერვალში, საწვავი ჩასხმულია რამდენჯერმე და მათი ჯამური მოცულობა საწვავის ავზის მოცულობას აღემატება. არსებობს რისკი, რომ არაიდენტიფიცირებული ავტომანქანების საწვავით გამართვა ხდებოდა პირადი მიზნებისათვის და სამსახურებრივი დანიშნულებით არ გამოიყენებოდა”, - წერია აუდიტის ანგარიშში.
გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტს 2017-2018 წლებში არ მიუღია სამართლებრივი აქტი მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის თაობაზე და ამასთანავე, დაარღვია სამორიგეო ავტომანქანების რეკომენდებული რიცხოვნობა.
ცხრილში ნაჩვენებია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სამორიგეო ავტომანქანების ფაქტობრივი და რეკომენდებული რაოდენობა, საშტატო რიცხოვნობიდან გამომდინარე:

შესაბამისად, აუდიტის სამსახურის დასკვნით, აუდიტის ობიექტს არ გააჩნია რაციონალური მიდგომა, მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენებასა და საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით, კერძოდ:
„მუნიციპალიტეტს საანგარიშო პერიოდში არ ჰქონდა მიღებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ნორმატიული აქტი მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის თაობაზე. მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სამორიგეო სატრანსპორტო საშუალებების რიცხვი 2-ჯერ აღემატებოდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. მუნიციპალიტეტს სათანადო კონტროლი არ აქვს დაწესებული საწვავის მიზნობრივ გამოყენებაზე“.