მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"2020 წლის განმავლობაში საქართველოში ლოკოკინის 20-მდე ფერმა აშენდება", - "ნადი გრუპი"

5e14525255233
ვიქტორია მღებრიშვილი
07.01.20 18:00
10827
2020 წლიდან საქართველოში 20-მდე ლოკოკინის ფერმა მოეწყობა. საქმე იმაშია, რომ სოფელ ახალ ხიბულაში ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ საქართველოს მასტაბით ლოკოკინის ფერმების ხელშემწყობი ხდება.

ამის შესახებ BM.GE-ის „ნადი გრუპის“ დამფუძნებელმა მერაბ ნადარაიამ განუცხადა.

როგორც მერაბ ნადარაია ყვება, მას შემდეგ რაც ლოკოკინების ფერმა გახსნეს და იტალიაში ექსპორტზე 12 ტონა ლოკოკინა გაიტანეს, საქართველოს ყველა კუთხიდან ამ ბიზნესის მიმართ ინტერესი წამოვიდა.

ლოკოკინების ბიზნესით დაინტერესდა ასევე ჩაის მწარმოებელი კომპანია „გურიელი“.

„საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ძალიან ბევრმა გამოხატა ლოკოკინის ფერმის გახსნის სურვილი. მათ შორის ინტერესია გურიაში - ოზურგეთის რაიონში; სამეგრელოში - აბაშასა და ზუგდიდში; კახეთში - ლაგოდეხში; თბილისთან ახლოს - კასპის რაიონში. ჯამში, 2020 წელს 20-მდე ლოკოკინი ფერმა ამოქმედდება, ზოგი გაზაფხულზე, ზოგი კი - შემოდგომაზე“, - ამბობს „ნადი გრუპის“ერთ-ერთი დამფუძნებელი.

მერაბ ნადარაიას თქმით, „ნადი გრუპი“ კონსულტირებას უწევს ლოკოკინის ფერმის მომავალ მეპატრონეებს და აქტიურადაა ჩართული დაპროექტებასა და მონიტორინგში.

„ეს ფერმები დამოუკიდებელი ფერმები იქნებიან, რომლებიც ჩვენი კონსულტაციით შეიქმნება და გაშენდება. შემდეგ უკვე ვითანამშრომლებთ ყველასთან.

ჩვენ ადგილზე ჩავდივართ, ტერიტორიის დათვალიერების შედეგად ვახდენთ პროექტირებას და შემდეგ როგორ ახორციელებენ მის მშენებლობას, მონიტორინგს ვაწარმოებთ. ზოგიერთი ფერმის პროექტირება დასრულებულია და მოწყობის სამუშაოები იწყება, ზოგი - პროექტირების ფაზაშია. ზუსტად რომ ვთქვათ, 15-მდე პროექტი გაკეთებულია და 5 პროექტზე კი, მუშაობა მიმდინარეობს. სხვადასხვა ფერმის ფართობი 0.5 ჰა-დან 5 ჰა-მდე მერყეობს. ყველა ერთი სიდიდის არ არის. რამდენიმე ფერმა მაისისთვის გაიხსნება. ზოგიერთი მათგანი შემოდგომისთვის იქნება მზად. დამოკიდებულია როგორ შეძლებენ სახსრების მობილიზებას“, - აღნიშნა მერაბ ნადარაიამ.

გარდა პროექტირებისა, „ნადი გრუპი“ ფერმებს სადედე ლოკოკინებით მოამარაგებს. „ჩვენ ვიქნებით როგორც დედა კომპანია“, - ამბობს ნადარაია.

„ახალ ფერმებს სადედე ლოკოკინებით მომარაგება სჭირდებათ და ჩვენ უნდა მივაწოდოთ მათ ეს ლოკოკინები ჩვენი ფერმიდან. ალბათ საჯიშე ლოკოკინების შემოყვანაც მოგვიწევს, ადგილობრივ ბაზარზე გაჩენილი მოთხოვნიდან გამომდინარე. დაახლოებით, 1 მლნ-მდე ლოკოკინა იქნება საჭირო, რომ ეტაპობრივად შევძლოთ ახალი ფერმების მომარაგება საჯიშე ლოკოკინებით. ამ ეტაპზე ჩვენ 7 ტონამდე ლოკოკინა გვყვავს დატოვებული იმისთვის, რომ მოავამარაგოთ ეს ფერმები“, - უთხრა BM.GE-ის მერაბ ნადარაიამ.

ცნობისთვის, „ნადი გრუპი“ იმისთვის, რომ მომავალში საქართველოს მასშტაბით ლოკოკინის ფერმები საჯიშე ლოკოკინებით მოამარაგოს, სოფელ ახალ ხიბულაში, საკუთარ ფერმაში, გაზაფხულზე, ინკუბატორს გახსნის, სადაც ლოკოკინებს გაამრავლებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები