მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წლის გაზაფხულიდან ინფლაცია მნიშვნელოვნად შემცირდება - ეროვნული ბანკი

6141ac4dcac8a
შოთა ტყეშელაშვილი
15.09.21 12:17
703
საქართველოს ეროვნული ბანკი 2022 წლის გაზაფხულიდან ქვეყანაში ინფლაციის "მნიშვნელოვან შემცირებას" პროგნოზირებს - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი დღეს მიღებულ გადაწყვეტილებაში მიუთითებს. გადაწყვეტილების თანახმად, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთის დამატებითი ზრდისგან თავი შეიკავა და ის არსებულ 10%-იან დონეზე დატოვა. 

"ინფლაცია ბოლო პერიოდის მნიშვნელოვან გლობალურ გამოწვევად რჩება და ფასების ზრდის ტრაექტორიამ ბევრ, როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყანაში, პროგნოზირებულს გაცილებით გადააჭარბა. საქართველოშიც აგვისტოს წლიურმა ინფლაციამ მოსალოდნელზე მაღალი, 12.8% შეადგინა. ინფლაციის მაღალ მაჩვენებელს, ძირითადად, კვლავ ერთჯერადი და მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელი ფაქტორები განაპირობებს. წინასწარი შეფასებით, მსგავსი ეგზოგენური ფაქტორების წვლილი მთლიან ინფლაციაში დაახლოებით 9 პროცენტული პუნქტია. განსაკუთრებით აღსანიშნავია წლის დასაწყისიდან მსოფლიო ბაზრებზე სურსათისა და ნავთობის მკვეთრად გაზრდილი ფასები. გარდა ამისა, საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯების ზრდადი დინამიკა გლობალურად აძვირებს იმპორტულ პროდუქციას. აგვისტოს მონაცემებით, მიუხედავად ბოლო პერიოდში გაცვლითი კურსის გამყარებისა, იმპორტირებული პროდუქციის ფასების ზრდა წლიურად 18.7%-მდე დაჩქარდა, რაც ადგილობრივ პროდუქციაზე ფასების მატებას (8.2 პროცენტი) მნიშვნელოვნად აღემატება. რაც შეეხება შიდა მოთხოვნას, ბოლო პერიოდში დაკრედიტების ზრდის ტემპმა მოიმატა, თუმცა ის ამ ეტაპზე ზომიერია და მოთხოვნის მხრიდან ინფლაციურ ზეწოლას არ ქმნის. ამასთან, სესხების ზრდა და მოთხოვნაზე მისი გავლენა ეროვნული ბანკის განსაკუთრებული ყურადღების საგანია.

მოსალოდნელია, რომ წლის დარჩენილ პერიოდში ინფლაცია მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ დროებითი ფაქტორების წვლილი ინფლაციაში კვლავ განმსაზღვრელი იქნება და, ამასთან, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულ ფაზაშია, კომიტეტმა განაკვეთის არსებულ დონეზე შენარჩუნება გადაწყვიტა. მიმდინარე წლის დეკემბერში და მომავალი წლის იანვარ-თებერვალში ინფლაციის წლიურ მაჩვენებელზე დამატებითი გავლენა კომუნალური გადასახადების სუბსიდირების საბაზო ეფექტს ექნება. სხვა თანაბარ პირობებში, მიმდინარე პროგნოზით, 2022 წლის გაზაფხულიდან ინფლაცია მნიშვნელოვნად შემცირდება, რასაც, დროებითი ფაქტორების მილევასთან ერთად, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და ფისკალური კონსოლიდაცია შეუწყობს ხელს,"- ნათქვამია სებ-ის დღევანდელ გადაწყვეტილებაში.

ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთის შესახებ მორიგ გადაწყვეტილებას 2021 წლის 27 ოქტომბერს მიიღებს. 

საინვესტიციო ბანკი Galt & Taggart-ი საქართველოში ინფლაციის კიდევ უფრო მეტად გაზრდას პროგნოზირებს. ორგანიზაციის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ განაცხადა, რომ საბაზისო ეფექტის გათვალისწინებით, 2021 წლის დეკემბერში ინფლაცია 14%-მდე გაიზრდება. წლის ბოლოსთვის ინფლაციის 13%-მდე გაზრდას პროგნოზირებს "თიბისი კაპიტალიც". 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები