მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 თვის წინ ბელარუსში საზეიმოდ გახსნილი "ქართული სახლი" დღემდე უმოქმედოა - რა ხდება?

5e3d3b768bf59
ვიქტორია მღებრიშვილი
07.02.20 20:00
2529
„საპარტნიორო ფონდმა“ მინსკში „ქართული სახლი“ გახსნა. პროექტი ბელარუსის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა“, - ვკითხულობთ „საპარტნიორო ფონდის“ მიერ 2019  წლის 24 აგვისტოს გავრცელებულ პრეს-რელიზში, თუმცა „ქართული სახლი“ 6 თვის შემდეგაც უმოქმედოა.

BM.GE ბელორუსში, „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილ კომპანია „ქართული ნატურალური პროდუქტების“ ООО (Грузинские Натуральные Продукты) დირექტორს გიორგი წერეთელს დაუკავშირდა, რომელიც ბელარუსში ქართული ღვინისა და ნატურალური პროდუქტების ექსპორტის მიზნით დააფუძნეს. საპარტნიორო ფონდში მაშნ აცხადებდნენ, რომ "ქართული ნატურალური პროდუქტების" მიზანს ბელარუსის ბაზარზე მაღალი ხარისხის ქართული ალკოჰოლური და სხვა ნატურალური პროდუქტების პოპულარიზაცია და ექსპორტის მხარდაჭერა წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ კომპანიას პროექტის განხორციელებისთვის 600 000 დოლარი გამოეყო.

„იქიდან გამომდინარე, რომ უნდა ჩამობრძანებულიყო თბილისის მერი კახა კალაძე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პრეზენტაცია გაგვეკეთებინა ბიზნეს და პოლიტიკური ელიტისთვის. გახსნა არ გვქონია აგვისტოში დაგეგმილი“, - ამბობს გიორგი წერეთელი.

მისი ინფორმაციით, ამ ხნის განმავლობაში ბელარუსში არსებული ბიუროკრატიული სირთულეებიდან გამომდინარე, მიმდინარეობდა ტექნიკური საკითხების შეთანხმება ბელარუსულ მხარესთან, რომელიც უკვე დასკვნით ეტაპზე გადადის.

„შენობის შიდა მოწყობა აგვისტოში, პრეზენტაციისთვის მთლიანად დასრულებული გვქონდა, აგვისტოდან მოყოლებული თავისებური ბიუროკრატიების ქვეყანაა ბელორუსი და შენობის ექსპლუატაციაში შეყვანის ტექნიკურ დეტალებს ადგილობრივ უწყებებთან ვათანხმებთ. ზუსტ რიცხვს ვერ გეტყვით, მაგრამ სადღაც უკვე გაზაფხულისთვის - აპრილში შენობა ექსპლუატაციაში შევა და "ქართული სახლი" გაიხსნება“, - ამბობს "საპარტნიორო ფონდის" შვილობილი კომპანიის დირექტორი.

BM.GE-ის კითხვაზე, რა ვადებში უნდა გახსნილიყო „ქართული სახლი“ და ბიუროკრატიულმა ბარიერებმა, ხომ არ გაზარდა პროექტის ხარჯები და ღირებულება, გიორგი წერეთელი ირწმუნება, რომ "ყველაფერი გეგმაზომიერად მიდის".

„იჯარის თანხას ჩვენ ვიხდით, მაგრამ ეს კომპანიის კონფიდენციალურ ინფორმაციას წარმოადგენს. კორპუსი, რომლის პირველ სართულზეა განლაგებული ქართული სახლი, 70-იან წლებშია აშენებული და აქედან გამომდინარე, აქაურ კანონმდებლობას თავისი ბიუროკრატიული სპეციფიკა აქვს. გვიწევს მოვერგოთ ყველა სტანდარტს. პროექტის ღირებულება არ შეცვლილა, ჩვენ მაქსიმალურად კონსტრუქციულ და ეფექტიან რეჟიმში ვმუშაობდით. გეგმაზომიერად მივდივართ, დაგეგმილი გვქონდა პრეზენტაცია და გავაკეთეთ. ახლაც გეგმაზომიერად გრძელდება მოლაპარაკებები“, - განუმარტა BM.GE-ის გიორგი წერეთელმა.

„ქართული ნატურალური პროდუქტების“ დირექტორი ვერ ასახელებს რამდენი ქართული კომპანია იქნება წარმოდგენილი ამ სივრცეში მინსკში, თუმცა აღნიშნავს, რომ ისინი მზად არიან,  ყველასთან ითანამშრომლონ.

„გვაქვს მოლაპარაკებები ქართველ, როგორც მსხვილ, ასევე მცირე მწარმოებლებთან; გვინდა, მაქსიმალურად ბევრი მწარმოებელი შემოვიყვანოთ და მაქსიმალურად ყველას ხელი შევუწყოთ ბელარუსის ბაზარზე შემოყვანასა და პოპულარიზაციაში“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები