ბახმაროს ადმინისტრაციულ ერთეულში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის დავით ჟღენტის განცხადებით, გურიის მაღალმთიან კურორტს არაერთი გამოწვევა აქვს, მათგან უმთავრესი კი კვლავ წყლისა და ელექტროენერგიის პრობლემაა.
როგორც BM.GE-სთან საუბრისას დავით ჟღენტი ამბობს, ბახმაროს ადმინისტრაციული ერთეული მიმდინარე წლის მაისში შეიქმნა და იმ დროიდან ცდილობენ ლოკალური პრობლემების მოგვარებას.
„რისი მოგვარების შესაძლებლობა გვაქვს ადგილზე ვაგვარებთ, მაგრამ არის ისეთი საკითხები, რასაც მუნიციპალიტეტის სახსრები არ ჰყოფნის“, - აცხადებს დავით ჟღენტი.
მისი თქმით, მუნიციპალური განვითარების ფონდი დღეისთვის კურორტის ელექტროფიკაციის პროექტს ახორციელებს, რომელიც 3 წელია მიმდინარეობს.
„ელექტროენერგიის ნაწილში ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობითი სამუშაობის დასასრულს უახლოვდება, ცენტრალური მაგისტრალი გაკეთებულია და ახლა მთავრდება ოჯახებამდე მიყვანა, რომელიც ოქტომბრის თვეში დასრულდება. ამ მხრივ ჯერ ძველი ხაზები გვაქვს, უხარისხო სადენები და ტრანსფორმატორები და შესაბამისად დენიც არ არის იმ სტანდარტული მახასიათებლებით, როგორიც უნდა იყოს“, - ამბობს ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი.
დავით ჟღენტის თქმითვე, წყლის პრობლემაც ბახმაროს მაცხოვრებლებსა და იქ ჩასულ დამსვენებლებს დიდი ხანია აწუხებთ. ამ მხრივ მუნიციპალური განვითარების ფონდს შედგენილი აქვს უკვე პროექტი, რომელიც ტენდერზე უნდა გაიტანონ. ის პროექტის ღირებულებას ვერ ასახელებს და ამბობს, რომ ეს მუნიციპალიტეტის ფინანსურ შესაძლებლობებს სცდება.
„წყლის პრობლემა ბახმაროში არის, აქ ჯერ კიდევ უბნის წყაროებიდან ხდება წყლის მოხმარება. თუმცა მუნიციპალური განვითარების ფონდს აქვს უკვე პროექტი, რომ ბახმაროში გაკეთდეს წყლის ცენტრალური მაგისტრალი თავისი საკანალიზაციო სისტემით. პროექტი, როგორც ვიცი მზად არის და უნდა გამოცხადდეს ტენდერი. ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული ეს პროექტი.
ვადების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. იმას თუ გავითვალისწინებთ რომ სამუშაო პერიოდი ამინდიდან გამომდინარე არის მცირე და სამუშაობის განხორციელება მხოლოდ ზაფხულის დასაწყისშია შესაძლებელი და 3-4 თვე გრძელდება, პროცესი დროში იწელება ხოლმე. ამასთან, ელექტროენერგიის მოწყობის სამუშაობის დროს ზაფხულში დამსვენებლები წინააღმდეგობას გამოთქვამდნენ ხოლმე სამუშაობის შესრულები გამო და პროცესი კიდევ უფრო ფერხდებოდა. წყალმომარაგების მხრივ თუ მოხდა დამსვენებლებთან შეთანხმება შესაძლოა, ეს პროცესი 2 სეზონის განმავლობაში დასრულდეს“, - განაცხადა დავით ჟღენტმა.