მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფრენების აღდგენის შემდგომ, Wizz Air ქუთაისის ბაზას ავტომატურად არ აღადგენს და სხვა ბაზიდან იფრენს

5eff325b9dd9d
შოთა ტყეშელაშვილი
03.07.20 17:33
12542
დღეს უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა უკრაინაში, ქალაქ ლვოვში ახალი ბაზის შექმნის შესახებ გააკეთა განცხადება. ავიაკომპანია ლვოვის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ხუთი მიმართულებით შეასრულებს. პარალელურად კი ავიაკომპანია ქუთაისში მდებარე ბაზის საქმიანობას დროებით აჩერებს. BMG ავიაკომპანიის კომუნიკაციების ხელმძღვანელს ანდრაშ რადოს ესაუბრა იმაზე, თუ როდის განახლდება საქართველოსთან ავიამიმოსვლა და განიხილავს თუ არა Wizz Air-ი საქართველოში ჩარტერული რეისების შესრულებას. რადოს თქმით, ქუთაისის ბაზის საქმიანობა ფრენების განახლებისთანავე არ აღდგება და ავიაკომპანია საქართველოში საწყის ეტაპზე სხვა ბაზიდან იფრენს.

"ჩვენ გავნიხილავთ შესაძლებლობას, რომ რეგულარული ფრენების შესრულებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, კვლავ განვაახლოთ საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა, რასაც ჩვენი სხვა ბაზების მეშვეობით განვახორციელებთ.

ჩარტერული ფრენების განხორციელების შესახებ კი ამ ეტაპზე ვერ გიპასუხებთ,”- განაცხადა რადომ.

რადოს თქმითვე, ავიაკომაპნიამ ქუთაისის ბაზაში დასაქმებულ პირებს Wizz Air-ის ქსელში არსებული ალტერნატიული სამსახურები შესთავაზა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საჰაერო სივრცის გახსნა პირველ ივლისს იყო დაგეგმილი, თუმცა მთავრობამ ივნისის ბოლოს მისი გადავადების გადაწყვეტილება მიიღო. რამდენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ Wizz Air-ი საქართველოში მისი ბაზის საქმიანობას დროებით აჩერებს.

ამ ეტაპზე Wizz Air-ი არ ასახელებს თუ რა მოცულობის ზარალი მიიღო ავიაკომპანიამ საქართველოს მთავრობის მიერ რეისების გადავადების გამო. 

ანდრაშ რადო ამბობს, რომ ავიაკომპანია ყველა მგზავრს, ვისაც ბილეთი ჰქონდა ნაყიდი, თანხის სრულ კომპენსაციას სთავაზობს. რადოს თქმითვე, ამ მგზავრებს თანხის სახით ბილეთის 100%-ის აღება, ხოლო სამგზავრო ვაუჩერის სახით კი, ბილეთის ღირებულების 120%-ის აღება შეეძლება.

უფრო ვრცლად ქუთაისის აეროპორტში Wizz Air-ის ბაზის შესახებ წაიკითხეთ ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები