ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ლოგისტიკიდან დამატებით 300 მილიონის შემოსავლის შესაძლებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, აღნიშნული თანხა იმის კომპენსირება იქნება, რაც ქვეყანამ ომის გამო დაკარგა.
"საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან რუსეთი და უკრაინა, ეს ქვეყნები ომში არიან, რაც შესაძლოა საქართველოში სავალუტო შემოდინებებზე მნიშვნელოვნად [უარყოფითად] ასახულიყო. საქართველოს ეს [დანაკარგი] რაიმეთი უნდა დაეკომპენსირებინა. მაქსიმალური აქცენტი ალტერნატიული შემოსავლების მოძიებაზე გავაკეთეთ და სხვადასხვა შესაძლებლობის სწორად გამოყენებით პოტენციური დანაკარგის შემცირება მოვახერხეთ. ერთ-ერთი არის გაზრდილი სატრანზიტო ნაკადები - ტვირთბრუნვა ე.წ. შუა კორიდორში ანუ საქართველოს დერეფანში. ეს არის უმოკლესი კავშირი ევროპასა და აზიას შორის, რომელზეც დიდი შესაძლებლობები ყოველთვის უნდა გვქონოდა, თუმცა დღეს ჩვენი ლოჯისტიკის გამოყენების კონკრეტული საჭიროება გაჩნდა. ეს დამატებით 300 მილიონის შემოსავალი შეიძლება იყოს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა ონლაინ დისკუსიის დროს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების პრაქტიკულ ანალიზსა და საქართველოს ეკონომიკის გამოწვევებს ეხებოდა.
დისკუსიისას ასევე საუბარი იყო, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო საქართველო დაახლოებით 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით სავალუტო შემოდინების დაკარგვას ელოდა, თუმცა ამ თანხის კომპენსირებას სახელმწიფო ლოგისტიკის გარდა, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდით ელის. აღნიშნული თანხა ჩვენი ეკონომიკისთვის მშპ-ს 5%-ია, რაც ქვეყნისთვის დიდი ეკონომიკური შოკი იქნება.
ინფორმაციისთვის, ტურისტული ნაკადების აღდგენაზე, აღნიშნული დისკუსიის ფარგლებში, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გუშინ ისაუბრა და თქვა, რომ ტურისტულ სეზონზე საქართველოში კვირის განმავლობაში 400-ზე მეტი ფრენა განხორციელდება.