“ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, მესტიის მაღალი ძაბვის ხაზები სრულად აღდგენილია. კერძოდ, კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე, მესტიისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია ფიქსირებული სქემით და მაღალი ძაბვის ორივე ხაზი ჩართულია.
“ტექნიკურმა ჯგუფებმა მოკლე დროში, წარმატებით შეასრულეს ურთულესი დავალება. ვერტმფრენის თუ სხვა სპეცტექნიკის საშუალებით მოახდინეს ავარიის ადგილის იდენტიფიცირება და შემდგომ უზრუნველჰყვეს მისი აღდგენა. ყველა ასეთი ღონისძიება გადის ჩვენი თანამშრომლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ზღვარზე, რისთვისაც მადლობა ყველა ამ თავგანწირულ პროფესიონალს, თუმცა ასე გაგრძელება აღარ შეიძლება“, - განაცხადა "ენერგო-პრო ჯორჯიას" ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ ბოცვაძემ.
კომპანის ხელმძღვანელი მესტიაში არსებულ უკანონო მაინინგზე საუბარობს და აცხადებს, რომ ელექტროენერგიის მსგავსი მოხმარებას ვერცერთი ქსელი გაუძლებს. აქედან გამომდინარე, გამანაწილებელი კომპანია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას რეგიონში არსებულ სიტუაციაზე.
"ვერანაირი ქსელი ვერ გაუძლებს ელექტროენერგიის იმ მოხმარებას, რაც იქ ფიქსირდება. გარდაუვალია ავარიების განმეორება, შესაბამისად, "ენერგო-პრო ჯორჯია" სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესტიაში არსებულ მდგომარეობაზე, ჩვენი ანალიზით, მოსახლეობის მოხმარებაც გაზრდილია, თუმცა მთავარი მიზეზი მაინც უკანონოდ მიერთებული მაინერებია, რომელთა რიცხვიც, ამ რთულ დღეებშიც იზრდება. მესტიის არსებული მოხმარება გაუტოლდა 2019 წლის დეკემბრის მოხმარებას, როდესაც 5 მილიონი ლარის მაინერი გავთიშეთ და ამოვიღეთ ადგილობრივ პოლიციასთან ერთად“, - აცხადებენ "ენერგო-პრო ჯორჯიაში“.
მიხეილ ბოცვაძის თქმითვე, უკანონო მაინინგით მთელი რეგიონი ზარალდება. ამასთან, "ენერგო-პრო ჯორჯიას" ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კომპანიას რეგიონში არსებული ვითარების მოგვარების გეგმაც აქვს.
"მესტიაში არსებული უკანონო მაინინგი არის მავნებლობა მთელი ზემო სვანეთის წინააღმდეგ, ამის ორგანიზატორი მავნებლები აზარალებს ადგილობრივ პატიოსან მომხმარებელს და მთელს რეგიონს 2 მთავარი მიზეზის გამო:
1. მნიშვნელოვნად აზიანებენ ინფრასტრუქტურას, ახლა უკვე შეიძლება ითქვას, რომ მის აღდგენას 4-5 წელი დასჭირდება;
2. აახლოებენ გადაწყვეტილებას, რომ მესტიის ყველა მომხმარებელმა დაიწყოს ელექტროენერგიის საფასურის გადახდა. არასდროს გვისაუბრია, თუმცა ახლა ვაცხადებთ, რომ მესტიის მოსახლეობის უფასო მომარაგებას მრავალი წლის განმავლობაში უზრუნველყოფდა "ენერგო-პრო". 45 მილიონი ლარია დალექილი ამ რეგიონში და აბსურდულია მოსაზრება, რომ თითქოს მოსახლეობას ეკუთვნოდა ან ეკუთვნის ეფასო ელექტროენერგია.
ამ ფონზე, რა თქმა უნდა, მინიმუმ უხერხულია პერიოდული ადგილობრივი დამტაცებლების თუ მოსახლეობის მხრიდან ზეწოლა თუ მუქარა ჩვენს თანამშრომლებზე ავარიული თუ გეგმიური გათიშვების არსებობის შესახებ, აგრეთვე შემაშფოთებელია კატეგორიული მოთხოვნა, რომ კომპანიამ შეუფერხებლად მოახდინოს ერთდროულად 10-15 რაიონისთვის საჭირო ელექტროენერგიის მიწოდება და თან ყოველგარი შეფერხების გარეშე", - აღნიშნავს მიხეილ ბოცვაძე.