მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრი ამბობს, რომ საწვავზე გადასახადის კლება “შეუძლებელია”, რადგან ის ბიუჯეტის 9%-ს აგენერირებს

62417dd72ecee
შოთა ტყეშელაშვილი
28.03.22 13:19
1604
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა დღეს განაცხადა, რომ 2022 წლის მდგომარეობით, საწვავის აქციზიდან და დღგ-დან საბიუჯეტო შემოსავალი 1.3 მილიარდ ლარს აღემატება. ფინანსთა მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით სახელმწიფოს არ შეუძლია გადასახადების შემცირება, რადგანაც ეს თანხა ბიუჯეტის შემოსავლების 8-9%-ია და მის გარეშე სახელმწიფოს მისი სოციალური ვალდებულებების მომსახურებას ვერ შეძლებს.

ხუციშვილი საწვავის აქციზის და დღგ-ს შემცირებას ამჟამად შეუძლებლად მიიჩნევს.

“აქციზიდან და დღგ-დან საუბარია დაახლოებით 1,300,000,000 ლარზე მეტ საგადასახადო შემოსავალზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის საგადასახადო შემოსავლის 8-9%-ს შეადგენს და ბუნებრივია მიმდინარე წელს, როდესაც საგადასახადო გეგმა უკვე გაწერილია, მისი 9%-ის ოდენობით საგადასახადო შემოსავლის კლება, ისე რომ არ მოხდეს სოციალური ვალდებულებების კლება, ბუნებრივია შეუძლებელია. თანაც სოციალური ვალდებულებების მხრივ არის ჯგუფი, რომელსაც პირველ რიგში, სჭირდება დახმარება ამ შეზღუდული რესურსებიდან გამომდინარე,”- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

საქართველოში ტონა საწვავი 500 ლარის აქციზით იბეგრება, რაც ლიტრზე 38 თეთრის გადასახადს ნიშნავს.

ამას გარდა, თითოეული ლიტრი საწვავი 18%-ის ოდენობით დღგ-ით იბეგრება, რაც 3.71 ლარის ღირებულების რეგულარის შემთხვევაში 66 თეთრის დღგ-ს ნიშნავს. მხოლოდ ამ ორი გადასახადის ჯამი 1.04 ლარია და მის გარეშე ბაზარზე რეგულარის მარკის საწვავი 2.67 ლარი ეღირებოდა.

ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2021 წელს მთავრობამ ბენზინის და დიზელის, ასევე სხვა ნავთობპროდუქტების აქციზიდან 543 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. საწვავის დღგ-დან მიღებული შემოსავალი კი დაახლოებით 640 მილიონ ლარს შეადგენდა. შედეგად, გასულ წელს მომხმარებლებმა და ბიზნესებმა მთავრობას საწვავის აქციზით და დღგ-ით 1,160,000,000 ლარი გადაუხადეს. ეს ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლის 10% იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები