მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბილაინი” იყიდება - ოლიგარქთან დაკავშირებული ფირმა 100%-იან წილს ხვიჩა მაქაცარიაზე ყიდის

6273c2fb4a39f
შოთა ტყეშელაშვილი
05.05.22 16:17
5016
საქართველოში "ბილაინის" ქსელის მფლობელი იცვლება - შესაბამის გადაწყვეტილებას დღეს კომუნიკაციების კომისიამ დაუჭირა მხარი. კომისიის სხდომიდან ირკვევა, რომ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ქართველი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია ხდება, რომელმაც წილის ნასყიდობის თაობაზე კომისიას 4 აპრილს მიმართა.

სხდომის თანახმად, “ბილაინი” ამჟამად ეკუთვნის VEON Georgia Holding B.V.-ის, რომელიც თავის მხრივ ფლობს ორ კომპანია WATERTRAIL INDUSTRIES LTD-ის და Investico Alliance LTD-ის. თავად ეს კომპანიები კი უშუალოდ "ვიონი საქართველოს" ფლობენ, კერძოდ WATERTRAIL INDUSTRIES LTD-ის "ვიონი საქართველოს 71%, Investico Alliance LTD-ის კი "ვიონი საქართველოს" 29%-იანი წილი ეკუთვნის. ჯამში ეს ორივე ფირმა "ვიონი საქართველოს" 100%-იან წილს ფლობს. 

Investico Alliance LTD-ის და WATERTRAIL INDUSTRIES LTD-ის შესყიდვის შემდეგ ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია “ვიონი საქართველოს” 100%-იანი მესაკუთრე ხდება.

კომუნიკაციების კომისიის განცხადება:

"საკითხის შესწავლის საფუძველზე, კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ ხვიჩა მაქაცარიას მიერ აღნიშნული კომპანიების წილების შეძენა ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე გავლენას არ მოახდენს და აღნიშნული ტრანზაქცია თავსებადია ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ წილების გასხვისებაზე წინასწარი თანხმობის გაცემის გადაწყვეტილება მიიღო,"- ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.

“ვიონი საქართველო” აქამდე საერთაშორისო ჯგუფ „VEON“-ში შედიოდა. „VEON“ ნიდერლანდებშია რეგისტრირებული, თუმცა მისი აქციების 47.9%-ს „Letterone Investment Holdings S.A“ ფლობს, რომლის დამფუძნებელი და მაკონტროლებელი რუსი ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანია - ის მარტიდან მოყოლებული სანქცირებულია.

უცნობია უკავშირდება თუ არა აქტივების გასხვისება სწორედ საერთაშორისო სანქციებს.

“ვიონი საქართველოს” აქტივები 120 მილიონ ლარს შეადგენს; 2020 წელს ამ კომპანიამ 92 მლნ ლარის ზარალი ნახა, 2019 წელს კი - 40 მლნ ლარის.

2021 წელს კი “ვიონის” შემოსავალი 100.5 მილიონი ლარი იყო. კომპანიას 1,279,951 აბონენტი ჰყავს.

ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია "ვიონი საქართველოს" აქციონერი წარსულშიც იყო და ის ფირმა Miren Invest-ის მეშვეობით კომპანიის 20%-იან  წილსაც ფლობდა.

"ბილაინი" საქართველოს ბაზარზე საკუთარ საინვესტიციო პროექტებს განაგრძობს:

"ბოლო წლების განმავლობაში ვიხილავდით ვიონი საქართველოს სავარაუდო გაყიდვის შესაძლებლობებს და ეს პროცესი გრძელდება.

ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ძირითადი ქსელის განვითარებას, იმისთვის რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტი მომხმარებლისთვის იყოს ხელმისაწვდომი 4G კავშირი და ბაზარზე საუკეთესო ციფრული პროდუქტები."- ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები