მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხორბლის სუბსიდირების პროგრამაზე მუშაობის პროცესი შეჩერებულია" - წისქვილკომბინატი

62542e26e69bd
ვიქტორია მღებრიშვილი
12.04.22 09:45
1046
ხორბლის სუბსიდირების პროგრამაზე მუშაობის პროცესი, რომლის ამოქმედებას მთავრობა დარგთან ერთად პურის გაძვირების დაზღვევის მიზნით განიხილავდა, შეჩერებულია. ამის შესახებ BM.GE-ის წისქვილკომბინატ „ბარაქას“ ხელმძღვანელმა ვლადიმერ ბიძინაშვილმა განუცხადა.

ხორბლის იმპორტიორები და ფქვილის მწარმოებლები 2021 წლის სექტემბრის შემდეგ საქართველოს მთავრობას, ქვეყანაში ხორბლის იმპორტის კლებისა და ფქვილის იმპორტის ზრდის დაბალანსების მიზნით შესაბამისი მექანიზმების ამოქმედებას სთხოვდნენ. რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ კი საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასების ზრდის გამო, საქართველოს მთავრობამ დარგს სუბსიდირების მექანიზმი შესთავაზა, რომელიც აპრილ-მაისში უნდა ამოქმედებულიყო და პურის გაძვირება დაეზღვია.

ლადო ბიძინაშვილი განმარტავს, რომ საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასები პიკშია და შესაბამისად, საქართველოში ფქვილიც გაძვირდა.

„სუბსიდირებასთან დაკავშირებით გარკვეული გადაწყვეტილებები იყო მიღებული, თუმცა ჩემი ინფორმაციით, სუბსიდირებაზე მუშაობის პროცესი შეჩერებულია.

საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასები პიკშია. 1 ტონა ხორბლის ღირებულება 400-დან 420 დოლარის ფარგლებშია. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთიდან ფქვილის იმპორტი გაიზარდა, პურის მწარმოებლები ფასის შენარჩუნებას ახერხებდნენ, 2-3 კვირაა 1 ტომარა ფქვილის ღირებულება 80 ლარამდე გაიზარდა“, - ამბობს „ბარაქას“ ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, ადგილობრივი წისქვილკომბინატებისთვის პრიორიტეტს ფქვილის იმპორტიორებთან თანაბარ პირობებში ყოფნა წარმოადგენს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საბაზრო პოლიტიკა იყოს ჯანსაღი. იმ პირობებში, როდესაც ხორბლის ექსპორტი დამატებითი გადასახადი 100 დოლარამდეა, ხოლო ფქვილის იმპორტი უფრო იაფი გამოდის, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული გადასახადი ფქვილის იმპორტზეც დაწესდეს, ან გვქონდეს შეღავათი, რომ ფქვილის იმპორტს კონკურენცია გავუწიოთ.

დღეს რამდენიმე წისქვილი გაჩერებულია, დარჩენილი ნაწილი კი 40-50%-იანი დატვირთვით მუშაობს“, - აღნიშნა ბიძინაშვილმა.

მისივე თქმით, „ბარაქას“ წისქვილკომბინატი ყაზახეთიდან ხორბლის იმპორტის გაზრდის ხარჯზე დღეს 60%-იანი დატვირთვით მუშაობს. ლადო ბიძინაშვილი ამბობს, რომ 6-8 აპრილს საქართველოში გამართულ ქართულ-ყაზახურ ბიზნეს ფორუმზე კომპანიამ ყაზახეთში ხორბლის მომწოდებლების დივერსიფირების მიზნით, კომუნიკაცია ახალ მომწოდებლებთან დაამყარა.

„ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, დავიწყეთ ხორბლის ალტერნატიული ბაზრების მოძიება. 2 თვის განმავლობაში, დაახლოებით, 3 000 ტონა ხორბალი მივიღეთ ყაზახეთიდან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყაზახეთშიც მომწოდებლების კუთხით დივერსიფიცირება მოვახდინოთ, ამიტომ ქართულ-ყაზახურ ბიზნეს ფორუმზე სხვადასხვა მომწოდებელთან კონტაქტები გავცვალეთ და კონკურენტული ფასების შემთხვევაში მათთან ვითანამშრომლებთ“, - განაცხადა წისქვილკომბინატ"ბარაქას“ ხელმძღვანელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები