მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა თქვა პრემიერმა დიდი ჰესების სახელწიფოს მიერ აშენებაზე და რას ამტკიცებს მთავრობა IMF-თან?

62b2d723370d3
შოთა ტყეშელაშვილი
22.06.22 13:00
1326
"მე განვიხილავ, რომ დიდი ჰესები - ნამახვანი, ნენსკრა, ხუდონი - მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობით განხორციელდეს, რომ ეს ჩვენი ხალხის იყოს და ჩვენი სახელმწიფოსი იყოს და არა კერძო ინვესტორების,"- 2022 წლის 30 აპრილს განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
 
თუმცა, ამ პოზიციისგან რადიკალურად განსხვავებულია ის მემორანდუმი, რომელიც საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გააფორმა. დოკუმენტში საერთოდ არაა ნათქვამი, რომ მსხვილი ენერგეტიკული პროექტები სახელმწიფომ უნდა განახორციელოს, პირიქით, ფონდთან აღებული ვალდებულებებით, ენერგეტიკის სექტორში სახელმწიფოს ფისკალური რისკების შემცირებაზეა საუბარი.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მთავრობა სავალუტო ფონდის ექსპერტებთან კომუნიკაციით შეიმუშავებს ენერგეტიკული პროექტების ფინანსური წახალისების ახალ მოდელს, ხოლო წარსულში გაცემულ და არაშენებულ პროექტებზე გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებს (PPA შეთანხმებებს) გააუქმებს.

“ჩვენ შევზღუდავთ რისკებს ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებთან დაკავშირებით (PPA) და გავაფართოვებთ საქართველოს ელექტროენერგიის გამომუშავების შესაძლებლობებს ფისკალურად მდგრადი გზით.

ელექტროენერგიის იმპორტზე ჩვენი დამოკიდებულების შემცირება მოითხოვს მუდმივ ინვესტიციებს გენერაციის ახალ ობიექტებში, ამის აუცილებლობა განსაკუთრებულად გაიზარდა გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე. თუმცა, საჯარო სექტორის ნებისმიერი ჩართულობაში უნდა იყოს გათვალისწინებული ფისკალური რისკების ჩარჩოები და საშუალოვადიანი ვალის მდგრადობა.

ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის უზრუნველსაყოფად და ფისკალური რისკების შეზღუდვის მიზნით, ჩვენ შევიტანეთ ცვლილებები მთავრობის 403-ე დადგენილებაში, რათა დაზუსტდეს, რომ არა მხოლოდ ჰიდრო გენერაციის, არამედ განახლებადი ენერგიის სხვა პროექტებიც იყოს ხელშეწყობილი Feed-in პრემიუმის სისტემით. ჩვენ ასევე ვგეგმავთ შევიმუშავოთ განახლებადი ენერგიის გენერაციის ობიექტების მხარდამჭერი სქემა, რომელიც ფისკალურ რისკებს ზღუდავს, რის თაობაზეც ჩვენ IMF-ის თანამშრომლებთან 2022 წლის ივლისის ბოლოს გავმართავთ შეხვედრებს.

სანამ ახალი სქემა ამოქმედდება, ჩვენ თავს შევიკავებთ ახალი PPA-ების და განახლებადი ენერგიის პროექტების მხარდაჭერის სხვა ფორმებისგან. ფისკალური რისკების შესამცირებლად და ეფექტიანობის წახალისებისთვის, ეს დამატებითი სქემა იმოქმედებს იქამდე, სანამ ელექტროენერგიის ლიბერალიზებული საბითუმო ბაზარი შესაძლებელს გახდის პროექტები Feed-in პრემიუმის სქემით განხორციელდეს. ეს მხარს დაუჭერს ენერგეტიკული პროექტების ლიმიტირებულ მოცულობას.

ახალი პროექტით მხარდაჭერილი გენერაციის ობიექტების ფისკალური რისკები, შეფასებული იქნება ფინანსთა სამინისტროს მიერ და ეს შეფასებები გაზიარებული იქნება IMF-ის სტაფთან, რათა მათ გაანალიზონ ენერგეტიკული ინვესტიციების ფისკალური მდგრადობა. ჩვენ შევეცდებით გავაუქმოთ წარსულში გაცემული PPA ხელშეკრულებები, რომლებიც იმ პროექტებს შეეხება, რომლებიც არ მუშაობენ. ჩვენ გავითვალისწინებთ სხვა ინვესტიციების მნიშვნელობასაც, რათა განმტკიცდეს ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, თუკი ამისთვის შესაბამისი ფისკალური სივრცე გამოჩნდება. ამასთანავე, გენერაციის არცერთი პროექტი არ იქნება ინიცირებული მთავრობის მიერ, პროექტის ტექნიკური და კომერციული დასაბუთების გარეშე,”- ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინაშე აღებულ ვალდებულებაში.

რას ამბობდა პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი 2022 წლის 30 აპრილს:

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შედარებით მცირე ენერგო-პროექტებში კერძო ინვესტორების ჩართულობას მიესალმება, თუმცა მიიჩნევს რომ მსხვილი ჰესები მხოლოდ სახელმწიფომ უნდა ააშენოს და ისინი სახელმწიფო საკუთრებაში უნდა იყოს.

"იცით რომ, მე გამოვხატე გარკვეული კითხვის ნიშნები, რაც არსებობდა ნამახვანჰესთან დაკავშირებით.

ახლა ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ყოფილ ინვესტორთან [ENKA] და ამის შედეგებს ძალიან მალე გაცნობებთ. ჩვენ განვიხილავთ, რომ ასეთი ტიპის, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი დიდი პროექტები უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს მიერ. ამის რესურსები აქვს სახელმწიფოს, მე უკვე მაქვს დავალება მიცემული ეკონომიკის მინისტრისთვის, მთელი ეკონომიკური გუნდი მუშაობს ამ მიმართულებით, ჩვენ ამ გეგმას რამდენიმე კვირაში წარმოვადგენთ. თუ ენერგეტიკა არ განვავითარეთ და ჰესები არ ავაშენეთ ძალიან რთული იქნება საერთოდ ენერგოუსაფრთხოებაზე და ენერგოდამოუკიდებლობაზე საუბარი და ზოგადად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაც.

წლიდან წლამდე უფრო მეტ ელექტროენერგიას ვყიდულობთ, შემოგვაქვს აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და ეს რა თქმა უნდა პრობლემაა.

მე განვიხილავ, რომ დიდი ჰესები - ნამახვანი, ნენსკრა, ხუდონი მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობით განხორციელდეს, რომ ეს ჩვენი ხალხის იყოს და ჩვენი სახელმწიფოსი იყოს და არა კერძო ინვესტორების. მე რა თქმა უნდა კერძო ინვესტორებს მაქსიმალურად ხელს შევუწყობ, მაგრამ ასეთი ტიპის - როგორიცაა ენგურჰესი, წარმოგიდგენიათ ენგურჰესი რომ არ იყოს რამხელა პრობლემა იქნებოდა ჩვენი ენერგოსისტემისთვის მთლიანად? ესაა ჩემი პოზიცია და ამას იზიარებს ჩვენი ეკონომიკური გუნდიც. ვმუშაობთ და ძალიან მალე ჩვენ ხედვას წარმოვადგენთ როგორ განვავითაროთ ენერგეტიკა,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რა არის PPA და Feed in Premium ტარიფები?

ცნობისთვის, 2017 წლიდან სახელმწიფოს ენერგეტიკული პროექტების ინვესტორებთან გარანტირებული შესყიდვების მემორანდუმების გაფორმება შეზღუდული აქვს. ამ ხელშეკრულებებით, რომელთაც PPA ტარიფები ეწოდებოდათ, მთავრობა ინვესტორს პროექტის განხორციელების ფინანსურ რისკებს უზღვევდა და იღებდა გარანტიას, რომ ჰესის აშენების შემდეგ წინასწარ დადგენილ თანხად შეეძინა ელექტროენერგია. მაგალითად ეს ტარიფი შეიძლება ყოფილიყო 15 წლის განმავლობაში ზამთრის სეზონზე გამომუშავებული დენის 7 ცენტად შესყიდვა ან სხვა ტარიფი, თუმცა IMF-მა მსგავს კონტრაქტებში სერიოზული ფინანსური რისკები დაინახა და მთავრობას მსგავსი მემორანდუმების გაფორმებისგან თავის შეკავების რეკომენდაცია მისცა. 2017 წელს გამოცხადებული მორატორიუმის დროს მხოლოდ ორი გამონაკლისი დაიშვა, ეს იყო ხორომხეთი ჰესის პროექტი და ნამახვანის კასკადის პროექტი.

პარალელურად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აშკარა გახდა, რომ მსხვილი ენერგეტიკული პროექტები წარსულში განსაზღვრული გეგმით არ შენდება და ამ მხრივ ქვეყანაში დიდი ჩამორჩენაა. სფეროს წახალისების მიზნით, მთავრობამ დაფინანსების ახალი მოდელის, Feed in Premium-ის ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო. ამ ტარიფების მიხედვით, მთავრობა გადაიხდის არა სრულ ტარიფს, არამედ მის თანადაფინანსებას მოახდენს, ხოლო ფასები კი თავისუფალ ბაზარზე დადგინდება.

სქემის მიხედვით, Feed in Premium-ის ტარიფის “დაზღვეული” ნაწილი იქნება 5.5 ცენტი. ანუ თუკი ბაზარზე ელექტროენერგიის სარეალიზაციო ფასი იქნება 5.5 ცენტზე დაბალი, მთავრობა გენერაციის ობიექტს გადაუხდის იმ თანხას, რაც მის 5.5 ცენტამდე შევსებისთვის იქნება აუცილებელი. თუმცა, მთავრობის თანადაფინანსების ლიმიტია 1.5 ცენტი. მაგალითად, თუ დენის საბაზრო ფასია 4 ცენტი, ბაზარზე არსებული მომხმარებელი მას 4 ცენტად შეიძენს, ხოლო სახელმწიფო გენერაციის ობიექტს, რომელთაცა Feed in Premium ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, 1.5 ცენტს დამატებით გადაუხდის, თუმცა თუკი საბაზრო ფასი 4 ცენტზე დაბალია, გენერაციის ობიექტის მისაღები შემოსავალი სახელმწიფო სუბსიდიის ჩათვლით 5.5 ცენტი ვეღარ იქნება. თუკი საბაზრო ტარიფი 5.5 ცენტზე მაღალი იქნება, ამ შემთხვევაში გენერაციის ობიექტი სახელმწიფოსგან 0 ცენტის თანადაფინანსებას მიიღებს.

იმისთვის, რათა ეს სისტემა ამოქმედდეს ჯერ ელექტროენერგეტიკულმა ბირჟამ უნდა დაიწყოს ფუნქციონირება, რაც რამდენჯერმე გადავადდა. ამასთანავე, ინვესტორებს Feed in Premium მოდელთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ და სახელმწიფოსგან PPA მექანიზმის აღდგენას ითხოვენ, რადგანაც მათთვის გარანტირებული სახით 10-15 წლით 7-8 ცენტის ელექტროენერგიის ტარიფი კომერციულად უფრო საინტერესოა, თუმცა როგორც ირკვევა, მთავრობა დაფინანსების ახალი მოდელის შესაქმნელად მუშაობას კიდევ აგრძელებს და ამ პროცესში IMF-იც არის ჩართული.

ამასთანავე, ირკვევა, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება, თითქოს სახელმწიფო მსხვილი ჰესების მშენებლობაში პირდაპირ ჩაერთვებოდა, უბრალოდ ხმამაღალ განცხადებად დარჩა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები