მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიძლება შეიცვალოს ენერგეტიკაში ინვესტორების მოზიდვის მოდელი? - სავარაუდო სქემა

61b8673e4f9ed
დავით ჯალაღონია
17.12.21 19:55
703
დაახლოებით, სამი წელია, რაც ელექტროსადგურების მშენებლობისთვის მთავრობა ინვესტორებს გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებს აღარ უფორმებს და სანაცვლოდ, განახელბადი ენერგიების პროექტებს ფინანსური მხარდაჭერის სხვაგვარ მექანიზმს სთავაზობს.

კერძოდ, დღეს მოქმედი სქემის მიხედვით, გაყიდულ ერთ კილოვატსაათ ელექტროენერგიაზე ინვესტორმა სახელმწიფოსგან შეიძლება მაქსიმუმ 1.5 ცენტი მიიღოს, მხოლოდ 5.5-ცენტიანი ზედა ზღვარის ფარგლებში. მაგალითად, დროის კონკრეტულ მონაკვეთში ელექტროენერგიის ფასი ბაზარზე 1 ცენტი თუ იქნება, სახელმწიფო ელექტროსადგურს 1.5 ცენტზე მეტად მაინც არ დაეხმარება, 5-ცენტიან ელექტროენერგიაზე კი ინვესტორი მხოლოდ 0.5 ცენტს მიიღებს.

ჰესების, მზისა და ქარის სადგურების განვითარებით დაინტერესებული დეველოპერები კი განმარტავენ, რომ ამ მექანიზმით პროექტების დაწყება პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ამიტომ განახლებადი ენერგიების ასოციაციამ მთავრობას საკუთარი ხედვა უკვე გააცნო. როგორც ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი BMG-სთან ინტერვიუში აცხადებს, საჭიროა ინვესტორებს ჰქონდეთ გარანტია, რომ ფინანსურ დახმარებას ჰიდროსადგურები ზაფხულის თვეებში მიიღებენ და ამასთან, დეველოპერები გასაყიდი ელექტროენერგიის ფასის ქვედა ზღვარის დაწესებასაც ითხოვენ, რომ თუ ზაფხულში დენის ფასი ძალიან დაბალი იქნება, სახელმწიფომ მათ გარკვეული თანხა გარანტირებულად გადაუხადოს.

"მნიშვნელოვანია, რომ ჰიდროსა და ქარს სხვადასხვა ტიპის სქემები ჰქონდეს, რადგან სხვადასხვა ტიპის გენერაციებია, წარმადობა, თვითღირებულება, სირთულეებიც სხვანაირი აქვთ და ა.შ. ამიტომ ერთ ჭრილში ამ ყველაფრის ყურება არასწორია და კარგია, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, განსაკუთრებით მზისა და ქარის ათვისება ძალიან რთული იქნება, რადგან ჰიდრო უფრო იაფიანი რესურსია, მზე კი - ყველაზე ძვირი. გარდა ამისა, სეზონურობა სხვადასხვა აქვთ.

ახლა მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული მინიმალური გარანტირებული ტარიფი გაჩნდეს. ბაზარი ახლა იხსნება და მისდამი ნდობა ახლა უნდა ჩამოყალიბდეს, რასაც სულ ცოტა, რამდენიმე წელი დასჭირდება. ნდობა საჭიროა იმასთან დაკავშირებით, რომ ფასწარმოქმნაა გაჭვირვალე და არანაირი ჩარევა და სპეკულირება არ ხდება. მეორეს მხრივ, სტატისტიკა უნდა შეიქმნას და ბიზნესმა დაინახოს ფასების დინამიკა როგორც დღეების, ისე საათების განმავლობაში და ა.შ. ამ სტატისტიკაზე დაყრდნობით უკვე ბიზნესი მიიღებს გადაწყვეტილებას. ვინაიდან ამას დრო დასჭირდება, გარდამავალ პერიოდში კიდევ უფრო განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომ სრული სტაგნაცია არ ჰქონდეს სექტორს და მყარი ხელშეწყობის ინსტრუმენტი არსებობდეს, სადაც მინიმალური გარანტირებული ტარიფი იარსებებს.

ჩვენ შევთავაზეთ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს, რომ ზაფხულის თვეებში მოხდეს ხელშეწყობა. ეკონომიკის სამინისტრომ მხარი დაგვიჭირა, ახლა ფინანსთა სამინისტროსთანაც დავიწყეთ მუშაობა და იმედი გვაქვს, პოზიტიურად განვითარდება ეს პროცესი. გასაგებია, რომ ზაფხულში ენერგიის პროფიციტი არსებობს, მაგრამ ზუსტად მაშინ, როცა პროფიციტია და ელექტროენერგიის ფასი დაბალია, მაშინ აქვს ხელშეწყობას მნიშვნელობა, რომ ფინანსური მოედლი ჯანსაღად აეწყოს. ამიტომ არის ასეთი ვარტიანტი, რომ ზამთრის ნაცვლად ზაფხულში მიიღოს გენერაციის ობიექტმა ფინანსური მხარდაჭერა, ან არჩევანი ჰქონდეს მწარმოებელს, ზამთარსა და ზაფხულს შორის, თუმცა ჯამში, ამ მხარდაჭერის მექანიზმის მოქმედებამ წლის განმავლობაში 8 თვეს არ გადააჭარბოს.

ასევე, შესაძლოა, ზაფხულში განსხვავებული ფასი იყოს და ზედა ზღვარი ცოტა ნაკლები იყოს, ზამთარში - ცოტა მეტი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც არსებობდეს ეს ხელშეწყობის ინსტრუმენტი, რაც ბევრად უფრო ეფექტურს გახდის ამ მექანიზმს და საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან უფრო წამოვა ნდობა, რადგან ჩვენ მეორეს მხრივ, ახლა დავიწყეთ კვლევა, რამდენად დაფინანსებადია Feed in premium-ის ქვეშ პროექტები და იმ მემორანდუმებს, რაც გაიცა, ჯერჯერობით არცერთს აქვს მოგვარებული დაფინანსების წყარო არც ბანკებთან, არც - კერძო ინვესტორებთან, შესაბამისად, მე ძალიან დიდი ვარაუდი მაქვს იმისა, რომ ამ მოდელით ძალიან რთული იქნება ჯანსაღი ინვესტორებისა და ბანკებისგან დაფინანსების მოზიდვაც", - განმარტა გიორგი აბრამიშვილმა.

რაც შეეხება ელექტროენერგიის ფასის ქვედა ზღვარის დაწესებას, როგორც განახლებადი ენერგიების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე აღნიშნავს, ამ შემთხვევაში გენერაციის მინიმალური ღირებულება შეიძლება, 3 ცენტი იყოს.

"ჩვენი სურვილი და სქემა არის ასეთი - გაჩნდეს ტარიფის დაფინანსების ქვედა ზღვარი და ინვესტორმა, თუ ბანკმა იცოდეს, რომ ერთი კვტ.სთ ელექტროენერგიის ფასი მაგალითად, 3 ცენტზე დაბლა არ ჩავა. რაღაც გარანტირებული მინიმუმი უნდა არსებობდეს, რომ break-even-ზე მაინც გადიოდეს ესა თუ ის ინვესტიცია. 3 ცენტი ზამთარში და 4 ცენტი ზაფხულში არის ის მინიმუმი, რომელზე დაბლაც ფასი არ უნდა ჩამოვიდეს და მაშინ შესაძლებელი იქნება ინვესტიციების მოზიდვა გაგრძელდეს და საინვესტიციო კლიმატი ამ მიმართულებით მაინც გაუმჯობესდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ძალიან რთულად წარმომიდგენია, რომ ჩვენი ჰიდრორესურსის, რომელიც ჭარბად გვაქვს, ან სხვა განახლებადი ენერგიის ათვისება შევძლოთ ამ არასტაბილურ სიტუაციასა და გარემოში.

ბირჟის გახსნა და დერეგულირება ძალიან კარგია, მაგრამ ამას წლები სჭირდება, რომ შევეჩვიოთ. ევროპული გამოცდილება აჩვენებს, რომ როცა ბაზარი გაიხსნა, შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში იყო მოქმედი Feed-in-tariffs (ჩვენი PPA-ს მსგავსი ვერსია). გარდა ამისა, იქ ყველგან 12 თვე მუშაობდა და 8-თვიანი მოდელი არსად იყო. ეს სქემები ევროპის ქვეყნებში მინიმუმ 10 წელი და ზოგგან 25 წელი მოქმედი იყო. ყველაზე მალე, მაგალითად, ჰოლანდიამ გააუქმა - 4 წელიწადში, მაგრამ ეს დრო მაინც დასჭირდა ჰოლანდიას, რომ ბიზნესი და კერძო სექტორი ამას შეჩვეოდა და შემდეგ გააუქმეს ხელშეწყობის ინსტრუმენტები. ჩვენს შემთხვევაშიც ძალიან რთული წარმოსადგენია, რომ სულ ცოტა 4-5 წელი მაინც შესაძლებელი იქნება ინვესტიციის განხორციელება, მხოლოდ ბირჟის ფასებზე ნდობით", - განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა.

ამასთან, გიორგი აბრამიშვილის ინფორმაციით, მხარდაჭერის პირობები შეიძლება ქარისა და მზის სადგურებისთვის განსხვავებული იყოს.

"მზისა და ქარის სადგურებისთვის შესაძლოა, სხვანაირი სისტემა იყოს. მაგალითად, მზის ენერგიასთან დაკავშირებით შეიძლება, ტენდერების პრინციპზე იყოს ადგებული სისტემა. ამაზე EBRD-მ შეთავაზება გაუკეთა სამინისტროს, რომ მზის სადგურები ტენდერების პრინციპით განვითარდეს და ამ ვერსიასაც ამუშავებს სამინისტრო, თუმცა არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ.

Feed-in ტარიფი გარდამავალ პერიოდში უნდა არსებობდეს ჰიდროებთან მიმართებით და თუ პრემიუმი იქნება, უფრო დახვეწილი უნდა იყოს და ქვედა ზღვარი მაინც უნდა გაჩნდეს. სხვანაირად, ძალიან რთული იქნება.

ქარზე არ ვიცი, როგორ იქნება. ჩემი ვარაუდით, იქაც Feed-in პრემიუმი დარჩება. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ქარის სადგურებთან დაკავშირებით არის უბალანსობა. შეიძლება, ამ მხრივ დაუშვან უფრო მაღალი დიაპაზონი პროგნოზის მერყეობის თვალსაზრისით", - აღნიშნა მან.

კითხვაზე, ენერგოპროექტების წახალისების განახლებადი ფინანსური სქემა რამდენად მოხსნის კითხვებს ფისკალურ რისკებთან დაკავშირებით, რასაც ფინანსთა სამინისტრო განსაკუთრებით აკვირდება, გიორგი აბრამიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ინვესტორებისთვის ელექტროენერგიის ფასის ანაზღაურების ალბათობა, დღევანდელ პირობებში ძალიან დაბალია.

"ის ლოგიკა, რასაც ფინანსთა სამინისტრო უყურებს და ადრეც უყურებდა, არასწორია და განვმარტავ, რატომ - ჰქოდნათ დასტრესილი ვერსია, რომ ერთის მხრივ ყველა ის პროექტი უცებ განხორციელებულიყო, რაზეც მემორანდუმია გაცემული და მათი რაოდენობა 200-ს აღწევს. სულ რომ ხორციელდებოდეს ეს პროექტები, ერთდროულად ვერ შევა ექსპლოატაციაში, რადგან ყველა მათგანს თავისი დრო აქვს. ამის პარალელურად მოხმარებაც იზრდება.

ამ ყველაფრის ერთმანეთთან დამთხვევის ალბათობა მინიმალურია. ელემენტარული მენეჯმენტი უნდა იმას, რომ იმის მიხედვით გასცე მემორანდუმები და ის სადგურები შეუშვა ექსპლოატაციაში, როგორც შენი მოხმარებაა გაზრდილი და არა - იმაზე მეტი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია - სახელმწიფო ბიუჯეტიდან არცერთი PPA არასოდეს დაფინანსებულა, ყველა მიდიოდა ესკო-დან (ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი), შესაბამისად, მომხმარებლის კალათა მთლიანად აფინანსებდა და არასოდეს ყოფილა, რომ მთლიანად ბიუჯეტიდან ყოფილიყო ლარი გაცემული ვიღაცის გენერაციის ობიექტის დასაფინანსებლად. აქედან გამომდინარე, ჩემი ღრმა რწმენით, არასწორია ის ფისკალური რისკები. საჭიროა სწორი მენეჯმენტი, რომ შესაბამისი რაოდენობის მემორანდუმი გაიცეს და მე იმის მომხრეც ვარ, რომ იმ კომპანიებმა, რომელთაც ვერ შეასრულეს პირობები და წლების განმავლობაში აქვთ მემორანდუმები გაცემული, მათაც ჩამოერთვათ. ერთის მხრივ, ამ კომპანიებს აქვთ გარანტირებუყლი შესყიდვის ხელშეკრულებები გაფორმებული და თაროზე უდევთ, რადგან ინვესტორს ვერ პოულობენ და ა.შ, ან სხვა პრობლემებია და მეორეს მხრივ, ფისკალურ რისკებად უყურებს ამას ფინანსთა სამინისტრო, რადგან ფურცელზე, თეორიულად ეს წერია. ამიტომ ამათ ყველას უნდა ჩამოერთვას (მემორანდუმები) და უნდა გადაეცეს იმ კომპანიებს, ვისაც ამის გამოცდილება და ფინანსები აქვს. შედეგად, ფისკალური რისკი საკმაოდ დაიწევს და ახლა, დღეს არ აქვს სხვებს საშუალება, რომ გააფორმონ ახალი PPA ხელშეკრულებები", - მიიჩნევს გიორგი აბრამიშვილი.

ცნობისთვის: ენერგოსექტორში არსებულ ფისკალურ რისკებს ფინანსთა სამინისტრო 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში აღწერს. უწყების გათვლებით, ფისკალური რისკის 70%-ზე მეტი "ხუდონჰესის", "ნამახვან ჰესისა" და "ნენსკრა ჰესის" პროექტებზე მოდის, თუმცა სამინისტროს ინფორმაციით, ხუდონი და ნამახვანი არსებული PPA (გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულება) პირობებით აღარ განხორციელდება. ამ ჩანაწერით უნდა ვივარაუდოთ, რომ ფისკალური რისკები ენერგეტიკაში შემცირდება, თუმცა ფინანსთა სამინისტრო PPA-ს მემორანდუმებით პროექტების განხორციელებას მაინც დაუშვებლად მიიჩნევს..

"ფისკალური რისკის 70%-ზე მეტი მოდის TOP-3 პროექტზე. ვინაიდან აღნიშნული სამი პროექტიდან ამ ეტაპისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2 პროექტი - ხუდონი და ნამახვანი არსებული PPA პირობებით აღარ განხორციელდება, შესაძლოა გაჩნდეს მოლოდინები, რომ გამოთავისუფლდა გარკვეული სივრცე და გაჩნდა რისკის მადა, რომ განახლდეს PPA მემორანდუმებით ენერგეტიკული პროექტების განხორციელება. ფისკალური რისკების დამატებითი აკუმულირება მსგავსი მასშტაბით და პირობებით დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით დაუშვებლად მიგვაჩნია", - წერია ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები