გერმანიაში სამი თვით სამუშაოდ წასვლის სურვილის მქონე ასეულობით სტუდენტის შემდეგ, საქართველოს მთავრობას 80-მდე სხვა ქართველი სტუდენტიც მიმართავს. საჯარო წერილის ადრესატებს შორისაა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც. სტუდენტები აცხადებენ, რომ ისინი უნგრეთში სწავლობენ და იმისთვის, რომ სექტემბრის დასაწყისში ადგილზე იყვნენ, სჭირდებათ დახმარება. საუბარია, ავიაბილეთებზე “გონივრულ ფასად”.
სტუდენტები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს, განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს, ნინო ჭელიძეს, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარეს, გენადი მარგველაშვილს და საქართველოს პარლამენტის წევრს ლევან კობერიძეს მიმართავენ.
წერილს, რომელიც bm.ge-ს სტუდენტების ჯგუფმა გამოუგზავნა, უცვლელად გთავაზობთ:
"მოგმართავთ “სტიპენდიუმ უნგარიკუმის” პროგრამის ფარგლებში უნგრეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ქართველი სტუდენტების სახელით, რომლებიც ამჟამად ვიმყოფებით საქართველოში. მოგახსენებთ, რომ უნგრეთის უნივერსიტეტებში სწავლა იწყება სექტემბრის დასაწყისში, უმეტესად ჰიბრიდული რეჟიმით - ზოგი საგანი ონლაინ რეჟიმში, დანარჩენი ადგილზე დასწრებით. შესაბამისად, ქართველ სტუდენტებს გვიწევს და გვსურს გავემგზავროთ უნგრეთში, რათა მონაწილეობის მიღება შევძლოთ საშემოდგომო სემესტრში.
სტუდენტების რაოდენობა აღემატება 80 ადამიანს, ამ რიცხვში მოიაზრება როგორც წლევანდელი სტიპენდიანტები, ასევე მეორე აკადემიური წლის სტუდენტები!
თქვენთვის ცნობილია, რომ დაბალბიუჯეტური კომპანია Wizz Air, რომლის საშუალებითაც სტუდენტები შეღავათიან ფასებში დავფრინავდით, საქართველოში აღარ ოპერირებს. კომპანიები Air France და Lufthansa, რომლებიც ფრენებს აგვისტოდან განახორციელებენ არის საშუალოზე ძვირი, და ჩვენთვის კიდევ უფრო ძვირი, რადგან აღნიშნული ავიაკომპანიებით სარგებლობის შემთხვევაში, მოგვიწევს დამატებით რეისზე გადაჯდომა, რათა მოხვდეთ ბუდაპეშტში.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, დაგეგმილია "საქართველოს ავიახაზების" 3 რეისი თბილისი-ვენა-თბილისი 2, 9 და 23 აგვისტოს. თითოეული რეისის ფასი მერყეობს 1000-დან 1500 ლარამდე. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული თანხის გადახდა სტუდენტისთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს, მით უფრო დამატებითი ხარჯების გათვალისწინებით, რაც გამოწვეულია არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე. ჩვენთვის ასევე გაურკვეველია თუ როგორ მოვახერხებთ ქვეყანაში შესვლას იმის ფონზე, როდესაც საქართველო არის წითელ ზონაში უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით!
სტუდენტების უმეტესობა საქართველოში ვიმყოფებით უკვე რამდენიმე თვეა. “შტიპენდიუმ უნგარიკუმ”-ის ფარგლებში, უნგრეთის მთავრობის სტიპენდია შეგვიწყდა ორი თვით, რადგან არ ვიმყოფებოდით ქვეყანაში. საქართველოში კი, აღნიშნული სიტუაციიდან გადმომდინარე, ვერ შევძელით დასაქმება ამ დროის მცირე მონაკვეთში. სტუდენტები, რომლებიც უნგრეთში ყოფნისას ცხოვრობდნენ ბინაში და არა სტუდენტურ საცხოვრებლებში, კონტრაქტის პირობებიდან გამომდინარე ვერ გათავისუფლდნენ გადასახადებისგან და დღემდე უწევთ ყოველთვიურად ქირის გადახდა, მთლიანის თუ არა ნაწილის მაინც. გარდა ამისა, იმისათვის, რომ ავირიდოთ ორ კვირიანი კარანტინი უნგრეთში შესვლისას, და შევძლოთ ლექციებსა და სემინარებზე დროულად დასწრება, სავარაუდოდ დაგვჭირდება Covid-19-ის ტესტების გაკეთება საქართველოში, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული.
აღნიშნულ დეტალებს გაცნობებთ იმისთვის, რომ გქონდეთ ამომწურავი ინფორმაცია ჩვენს მდგომარეობასთან დაკავშირებით საჭირო გადაწყვეტილების ინიცირებისა და მიღების პროცესში. ზემოაღნიშნული მიზეზებისა და არსებული რთული მდგომარეობიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, მოახდინოთ დროული რეაგირება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ერთობლივი ძალებითა და აქტიური მოლაპარაკებებით იპოვოთ გამოსავალი თუ როგორ შევძლოთ ქართველმა სტუდენტებმა უნგრეთში დაბრუნება დროულად და გონივრული თანხის ფარგლებში, რისი მაგალითიც უკვე არსებობს გერმანიაში დროებით დასაქმებული ადამიანების სპეც-რეისის სახით!
ჩვენ ღრმად გვწამს, რომ სახელმწიფოსთვის სტუდენტები წარმოადგენენ ერთ -ერთ უმთავრესს პრიორიტეტს და მათ ხელშესაწყობად ყველაფერი უნდა გაკეთდეს"-ნათქვამია სტუდენტების მიმართვაში.