მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასამართლომ სამშენებლო კომპანიას დევნილთა სააგენტოსთვის 11 მლნ ლარის გადახდა დააკისრა

61c5e1ea31cea
თელარა გელანტია
25.12.21 15:30
2690
თბილისის საქალაქო სასამართლომ კომპანია "ჯიდი ჯგუფს" დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის 11 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრა. ამის შესახებ თავად ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 23 დეკემბერს მედიას განუცხადა, მაგრამ კომპანიის სახელი არ უთქვამს.

"დევნილთა სააგენტოსა და კომპანიას შორის მიმდინარეობდა სასამართლო დავა, რომელის დაკმაყოფილდა სააგენტოს სასარგებლოდ და კომპანიას დაეკისრა ზარალის ანაზღაურება, რაც შეადგენს 11 მლნ ლარზე მეტს და ამით ის 144 დაზარალებული ოჯახი, რომელიც უნდა განთავსებულიყო ამ კომპანიის მიერ აშენებულ შენობა-ნაგებობაში, უკვე მიიღებს ხელმისაწვდომობას ამ თანხასთან მიმართებით და სააგენტო განასახლებს მათ გაცილებით ადრე, ვიდრე მოსალოდნელი იყო", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

დევნილთა სააგენტოსა და "ჯიდი ჯგუფს" შორის არსებული სასამართლო დავის შესახებ მეტი დეტალის გასაგებად bm.ge სააგენტოს ხელმძღვანელ ბესარიონ სიმონიშვილს ესაუბრა, რომელმაც პროცესი ქრონოლოგიურად აღწერა.



"კომპანია "ჯიდი ჯგუფი" მენაშენეთ კონკურსის ფარგლებში შეირჩა, რადგან აკმაყოფილებდა ყველა საჭირო კრიტერიუმს. მასთან 2018 წლის 12 მარტს გაფორმდა ერთი ხელშეკრულება - დიდ დიღომში უნდა აეშენებინა 35 ბინა და იმავე წლის დეკემბერში დაიდო მეორე კონტრაქტი, რომლის თანახმად, ასევე დიდ დიღომში უნდა აეშენებინა საცხოვრებელი კორპუსი 109 ოჯახისთვის, სულ 144 დევნილი ოჯახისთვის, რისთვისაც ბიუჯეტიდან გადაერიცხა 8 მილიონი ლარი. ვალდებულების შესრულების პერიოდად კი კონტრაქტის შესაბამისად, განესაზღვრა 2019 წლის დეკემბერი და 2020 წლის მაისი, მაგრამ ბინები ვერ ჩააბარა, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტროს პირველ ეტაპზე მოუწია საჯარიმო სანქციების დაკისრება, შემდეგ იყო გარკვეული მოლაპარაკებები კომპანიასთან, რომ გონივრულ ვადაში დასრულებულიყო მშენებლობა, მაგრამ ამ პროცესმა შედეგი ვერ გამოიღო და დევნილთა სააგენტომ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. ჩვენი სარჩელის განხილვის შემდეგ, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით "ჯიდი ჯგუფს" დაეკისრა 8 მილიონამდე ლარის სრულად დაბრუნება და ასევე ჯარიმა 3 მილიონი ლარის ოდენობით", - განმარტა ბესარიონ სიმონიშვილმა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკემბრის შუა რიცხვებში მიიღო. კომპანიას კი აქვს 30 სამუშაო დღე, რათა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს, ხოლო თუ დავა მეორე ინსტანციაში არ გაგრძელდა, როგორც ბესარიონ სვიმონიშვილმა bm.ge-სთან თქვა, "ჯიდი ჯგუფის" გარანტორი იყო სადაზღვევო კომპანია „არდი“ და სწორედ მან უნდა გადარიცხოს ბიუჯეტში ძირი თანხა - 8 მილიონი ლარი.

რაც შეეხება 144 დევნილი ოჯახის ბინებით დროულად დაკმაყოფილების საკითხს, დევნილთა სააგენტოში გვითხრეს, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს, ვისთვისაც „ჯიდი ჯგუფს“ უნდა აეშენებინა სახლები, ალტერნატიული ბინებით დააკმაყოფინებენ.

"ხოლო იმ თანხით, რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილებით, დევნილთა სააგენტო მიიღებს, დამატებით ბინებს ვიყიდით", - დასძინა ბესარიონ სიმონიშვილმა.

Bm.ge ცდილობს დაუკავშირდეს "ჯიდი ჯგუფს" და მისი პოზიციაც მოისმინოს. ჯერჯერობით, კომპანიაში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები