მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეზღუდვები ძალაში შევიდა - რა იკრძალება დღეიდან?

5fc106509d0ef
BM.GE
28.11.20 10:00
2001
საქართველოს მთავრობამ და უწყებათაშორისმა საბჭომ მიმდინარე კვირაში მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოში შეზღუდვების დაწესების თაობაზე, რომლებიც ძალაში დღეიდან შედის. პრემიერ გიორგი გახარიას ინფორმაციით, აღნიშნული შეზღუდვები ემსახურება კორონავირუსის გავრცელების წინააღმედეგ ბრძოლას.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან - 31 იანვრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით იზღუდება:

• 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე - 6 იანვრის ღამე;

• მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის - რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა;

• რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე. დასაშვებია: პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway, „დელივერი“ და „დრაივი“.

• ფიტნესდარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა;

• ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება - დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით.

• სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა.

აგრეთვე, საბჭოს გადაწყვეტილებით, დიდ ქალაქებში და მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში - ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში, ქ. თელავში - ასევე, სათხილამურო კურორტებზე - ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძისა და მესტიაში დამატებით წესდება შემდეგი შეზღუდვები:

• ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა;

• სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში;

• ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები;

• სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე;

• კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას.

სათხილამურო კურორტებზე ასევე:

• სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად;

• ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები