მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შსს: "რეფორმერი ფიტნესი" დავლუქეთ, მეპატრონეს პატიმრობა ემუქრება

5fc4a60c68307
ინგა მურუსიძე
30.11.20 12:00
4050
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში მდებარე ფიტნეს-კლუბი, შპს „ონლაინ მეჯიქი“ დაილუქა.

საქმე იმაშია, რომ მიუხედავად მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვებისა, ფიტნეს კლუბმა მუშაობა არ შეწყვიტა, რის გამოც ის შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა დააჯარიმა, თუმცა "რეფორმერის" მენეჯმენტმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადა და განცხადებაც გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს უუნარობის გამო მუშაობის შეჩერებას არ აპირებდა. 
ამის შემდეგ „გირჩის“ დამფუძნებელმა ზურაბ ჯაფარიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფიტნეს-კლუბი "რეფორმერი" იქირავა და ყველა მსურველ სპორტსმენს შესაძლებლობა მიეცემოდა, უფასოდ ევარჯიშა მის სახლში, ბათუმში. გუშინ საღამოს ადგილზე პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ, წინააღმდეგობის და ხმაურის მიუხედავად, ფიტნეს-კლუბი დაილუქა. 

როგორც bm.ge-ს შსს-დან აცნობეს, ფიტნეს-კლუბში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, რასაც საფუძვლად დაედო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში რეაგირების მიზნით გადაგზავნილი მასალები.

"მასობრივი ინფორმაციის საშუალებით ცნობილი გახდა, რომ შპს "ონლაინ მეჯიქ" ე.წ. "რეფორმერი ფიტნესი" არ დაემორჩილა „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით გათვალისწინებულ შეზღუდვებს, გააგრძელა სპორტული/სავარჯიშო დარბაზის ფუნქციონირება, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10) მუხლის თანახმად, 2020 წლის 28 ნოემბერს დაჯარიმებული იქნა 10 000 ლარით.

აღნიშნულის შემდეგ, 2020 წლის 29 ნოემბერს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა განმეორებით განახორციელა შპს "ონლაინ მეჯიქ"-ის ე.წ. "რეფორმერი ფიტნესის" ინსპექტირება, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მიუხედავად, კომპანია კვლავ აგრძელებდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას.

ინსპექტირების მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადმოიგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით.

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248 -ე პრიმა მუხლის თანახმად, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. კერძოდ, იურიდიული პირის შემთხვევაში დაჯარიმებას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ასევე მის მიმართ ლიკვიდაციისა და დაჯარიმების ღონისძიების ერთობლივად გამოყენების შესაძლებლობას, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში - შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ვადით", - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები