მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კარფურის" წინააღმდეგ სარჩელის შესატანად კიდევ 10 კომპანია ემზადება

60a3cc01c6b77
ელენე გოგბერაშვილი
19.05.21 00:10
26421
საქალაქო სასამართლომ "კარფურის" წინააღმდეგ ქართველი მწარმოებლებისა და დისტრიბუტორების სარჩელები წარმოებაში უკვე მიიღო. ამ დროისათვის საერთაშორისო ბრენდს უკანონო და არაპარტნიორული დამოკიდებულების გამო სასამართლოში 10 ქართული კომპანია უჩივის და რამდენიმე სარჩელს იურისტები კიდევ ამზადებენ.

ქართული კომპანიები "კარფურს" სამართლებრივი საფუძვლის გარეშე საკმაოდ სოლიდური თანხების ჩამოჭრას ედავებიან. კომპანიების დიდმა ნაწილმა უკვე გაწყვიტა ბრენდთან ხელშეკრულება და პროდუქციის მიწოდება შეაჩერა.

როგორც ირკვევა "კარფური" თანაბრად ეპყრობა თითქმის ყველა მიმწოდებელ კომპანიას: ახდევინებს ქსელში დაშვებისთვის საკმაოდ სოლიდურ თანხას, აკისრებს ე.წ მარკეტინგულ გადასახადს და მიმწოდებლებთან შეთანხმების გარეშე ყოველ გახსნილ ახალ ობიექტზე მორიგ შესვლის საფასურს და მარკეტინგულ ხარჯს ასანაზღაურებელი თანხიდან უქვითავს. როგორც კომპანიები ამბობენ, პრობლემაა ორენოვანი კონტრაქტიც, რომელთა შინაარსი ერთმანეთისგან განსხვავებულია და ინგლისურ ვარიანტი შეფარვით სხვადასხვა გადასახადია ჩადებული, რასაც "კარფური" თავის სასარგებლოდ იყენებს და ქართულ კომპანიებს სოლიდურ თანხებს აჭრის.

კომპანიებს იურიდიულ მომსახურებას სხვადასხვა იურიდიული კომპანიების იურისტები უწევენ. J&T CONSULTING-ის იურისტი გიორგი ცერცვაძე BMG-სთან საუბარში აცხადებს, რომ სასამართლომ წარმოებაში უკვე მიიღო 10 კომპანიის სარჩელი, თუმცა არსებული ინფორმაციით, საერთაშორისო ბრენდის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დასაწყებად კიდევ 10 კომპანია ემზადება.

„ოთხ კომპანიას "კარფურის" წინააღმდეგ წარმოადგენს ჩვენი იურიდიული ფირმა, მაგრამ ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ ჯამში შეტანილი სარჩელების რაოდენობა 10-ს აღწევს და ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ დაახლოებით 10 კომპანია ემზადება სარჩელების შესატანად. როგორც ჩანს გვექნება შეუქცევადი პროცესი. ეს ძირითადად გამოწვეულია "კარფურის" დამოკიდებულებით ამ საკითხების მიმართ, რადგან ამხელა საზოგადოებას ინეტერესის მიუხედავად არჩევენ იმას, რომ არ გამოვიდნენ კონტაქტზე არც კომპანიებთან და არც მედიასთან და საზოგადოებას არ უხსნიან საკუთარ პოზიციას. ჩემი აზრით, რაც უფრო გაჰყვება "კარფური" ამ სტრატეგიას, მით უფრო მეტი იქნება სარჩელების რაოდენობა“, - აცხადებს გიორგი ცერცვაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები